ზურაბ ქადაგიძე 26 მაისს დაგეგმილ აქციაზე: „ასევე თავისუფლად შეუძლიათ შეკრება 7 ნოემბერს, 15 ივნისსა და 26 მაისსაც. ამით ეს ადამიანები იმის „გაპრავებას“ ცდილობენ, რაც 15 წლის წინ რუსთაველის გამზირზე ჩაიდინეს“

26

„ასევე თავისუფლად შეუძლიათ შეკრება 7 ნოემბერს, 15 ივნისსა და 26 მაისსაც. ამით ეს ადამიანები იმის „გაპრავებას“ ცდილობენ, რაც 15 წლის წინ რუსთაველის გამზირზე ჩაიდინეს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, ზურაბ ქადაგიძემ ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

„მათ ფსევდო ღირებულებებზე საუბარი ნამდვილად არ გაუჭირდებათ, თუმცა ვფიქრობ, რეალურად ვიხილავთ იმ დაკვეთას, რომელიც მათ გარე ძალებმა და მათმა პატრონებმა მისცეს.

ბოლო პერიოდში ვხედავთ, როგორ დადიოდნენ ეს ადამიანები ევროპის დედაქალაქებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა არასოდეს უსაუბრიათ ქართველ ხალხთან, ქართულ საზოგადოებასთან და ქართველ ამომრჩეველთან. შესაბამისად, ახლაც ეს ერთგვარი ძალის დემონსტრირებაა საკუთარი „უფროსების“ მიმართ — იმის საჩვენებლად, თითქოს გარკვეულ ძალასა და რესურსს ფლობენ, რათა მათმა პატრონებმა კვლავ მათზე გააკეთონ არჩევანი და ისევ უზრუნველყონ ფინანსური თუ ტექნიკური მხარდაჭერით. ეს არის და სხვა არაფერი.

ერთია ტექნიკური მხარე და თარიღის შერჩევა, ხოლო მეორე — მორალური საკითხი, როდესაც, მაგალითად, ნიკა გვარამია ბედავს და ამ დღეს რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგად აცხადებს.

ჩვენ ამ საკითხს ემოციურად ვუყურებთ, მაშინ როცა ეს ადამიანები ღირებულებებისგან სრულიად დაცლილი პერსონები არიან – ყველა, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს.
ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ მსგავსი თარიღების „გაფუჭებას“, ასევე თავისუფლად შეუძლიათ შეიკრიბონ 7 ნოემბერს, 15 ივნისს, 26 მაისსაც. ასე ცდილობენ ეს ადამიანები იმის „გაპრავებას“, რაც 15 წლის წინ, რუსთაველის გამზირზე ჩაიდინეს.

წარმოიდგინეთ — მათი სადამსჯელო ოპერაციების შედეგად ადამიანები დაიღუპნენ, თუმცა მათ ისიც კი არ იკადრეს, რომ ეს პოლიციელის გადაცდომად ან კონკრეტული პირის დანაშაულად ეღიარებინათ და სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება მოეხდინა. გვამები გადამალეს, სახურავებზე შემოაწყვეს და ოქმებში ჩაწერეს, თითქოს ზოგს დენმა დაარტყა, ზოგს გული გაუჩერდა და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ, რა პერსონებთან გვაქვს საქმე — ადამიანებთან, რომლებიც ყველაფერზე მოაწერენ ხელს.

ნიკა გვარამია, როგორც ხელისუფლებაში ყოფნისას, ისე ოპოზიციაში ყოფნის პირობებშიც, საკუთარ სამშობლოს კი არ ემსახურება, არამედ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესებს. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რამდენად სწორია ან არასწორი მათი გადაწყვეტილება, აზრს მოკლებულია. ეს უბრალოდ არასწორი კი არა, ამორალურია.

წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ, პირობითად, ნიკა გვარამიას დაინახავს 26 მაისის აღსანიშნავად გარეთ გამოსული ქართველი და შეახსენებს თუნდაც 15 წლის წინანდელ 26 მაისს? ასე გაიზრდება დაძაბულობა და ზუსტად ამისთვის იყენებენ მსგავს თარიღებს რადიკალები. თუ ოპოზიციას მართლაც ჰყავს იმხელა ელექტორატი, რასაც ამტკიცებს, დამიჯერეთ, მათი ამომრჩევლები ქვეყნის პარალიზებას მოახდენდნენ და აღარც 26 მაისის, 7 ნოემბრისა ან 9 აპრილის გამოყენება იქნებოდა საჭირო.

26 მაისი მორალური პრინციპების გათელვით, ტექნიკურად შემოგდებული თემაა, რათა ემოციურად იმოქმედონ საზოგადოებაზე. ეს სწორედ ის ამორალური კასტაა, რომლის კისერზეცაა 15 წლის წინანდელი 26 მაისის აქციის ტრაგედია“, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.