„ფსევდოლიბერალიზმის მიზანი საკაცობრიო ღირებულებითი საყრდენების შერყევა და ზნეობრივი საფუძვლების დასუსტებაა, რადგან თუ ეს საფუძვლები დაიშლება და საზოგადოება ღირებულებებისგან დაიცლება, ადამიანების მართვა, მათი მასად ქცევა და ისეთი მმართველობის ფორმების თავს მოხვევა, რომელიც კონკრეტულ ძალებს აწყობთ, გაცილებით მარტივი ხდება“, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა გადაცემა „ლიბერალიზმის ანატომიაში“ განაცხადა.
მართლაც არანორმალურ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, განსაკუთრებით ბოლო წლებში. რასაც დღეს ვხედავთ, სწორედ აქედან მოდის ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, რომელსაც ლიბერალიზმთან საერთო არ აქვს. ეს არის შეფუთული და დამახინჯებული იდეა, რომელიც ადამიანის გონების არევისა და ზნეობრივი ორიენტირების მოშლისკენ არის მიმართული. მას ადამიანის უფლებების სახელით ნიღბავენ და ლიბერალური ფასეულობების საფარქვეშ წარმოაჩენენ, თუმცა რეალურად საქმე გვაქვს მორალური საფრთხის წინაშე.
ვხედავთ იმასაც, რომ ამ „ფსევდოფასეულობების“ გავრცელებასა და ადამიანის უფლებების სახელით სპეკულირებაზე იხარჯება უზარმაზარი თანხები, თუმცა არსებობს ღვთიური კანონები და ღვთიური ბალანსი, რომელსაც ვერავინ შეეწინააღმდეგება. სწორედ ამ ღვთიურ საფუძველზეა აგებული ბიბლია, სადაც საუბარია ქალისა და მამაკაცის შექმნაზე, მათ როლზე, ოჯახურ ღირებულებებზე. სოდომისა და გომორის მაგალითიც ხომ მარადიული შეხსენებაა კაცობრიობისთვის, რომ მსგავსი მოვლენები, რომლებიც ეწინააღმდეგება ღვთიურ კანონებს, არ უნდა განმეორდეს.
დღეს კი ჩვენ ვხედავთ როგორ ვითარდება ეს ფსევდოიდეოლოგია, რომლის მიზანიც საკაცობრიო ღირებულებითი საყრდენების შერყევაა, რადგან თუ ეს ზნეობრივი საფუძვლები დაიშლება და საზოგადოება ამ ღირებულებებისგან დაიცლება, ძალიან მარტივი გახდება ადამიანების მართვა, მათი მასად ქცევა და ისეთი მმართველობის ფორმების თავს მოხვევა, რომელიც კონკრეტულ ძალებს აწყობთ“, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.


