„ჩნდება აღქმა, რომ ბრიუსელისთვის მისაღებია, როდესაც ხდება მშვიდობიანი მიტინგის ხელკეტებით დარბევა და ადამიანებისთვის ძაღლების მიქსევა. იმ კადრებს, რაც ჩვენ ვიხილეთ, არანაირი კავშირი არ აქვს ადამიანურ მოპყრობასთან. ის, რომ ამაზე რეაგირების ნაცვლად გვესმის ცინიკური განცხადებები დანიის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ დიალოგი ვერ შედგა და ამისთვის ძაღლები უნდა მიექსიათ ადამიანებისთვის და ხელკეტებით შემდგარიყვნენ, რა თქმა უნდა, არ არის დამაკმაყოფილებელი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კოპენჰანგენში აქციის დარბევასთან დაკავშირებით.
„მნიშვნელოვანია, რომ დანიის ხელისუფლებამ გამოიძიოს ეს საქმე და დასჯილი იყოს ყველა, ვინც ამ ძალადობაში იყო ჩართული.
აქვე შევახსენებ საზოგადოებას, რომ დანიას აქვს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ადამიანის უფლებების მხრივ. 90-იანი წლების ჩათვლით იყო სისტემური პრაქტიკა გრენლანდიის ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით და მოტყუებით სტერილიზებისა. მოტყუებით მოახდინეს ქალი მოსახლეობის ნახევარზე მეტის სტერილიზება, მათ შორის არასრულწლოვანების, 12 წლის გოგონების. დღემდე არ არის გამოძიებული ეს საქმე და არ არიან დასჯილები ის ექიმები, ვინც ამ პრაქტიკაში ჩართულები იყვნენ. დღემდე ისინი საექიმო პრაქტიკას ეწევიან.
ეს პრაქტიკა ბევრის მხრიდან გენოციდთანაა გათანაბრებული. როდესაც არის ასეთი შეფასება, რომ ეს იყო გენოციდი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მხრიდან, ამას დიდი ხანი ფარავდნენ და დღემდე არ იძიებენ და არ სჯიან დამნაშავეებს. ეს არის აღმაშფოთებელი.
ჩვენ მოვისმინეთ ასევე რეაქციები ქართველი რადიკალების მხრიდან ამ თემაზე, რომ კი, რა თქმა უნდა, იქ იყო ძალადობა, მაგრამ სამაგიეროდ, დანია არის მდიდარი ქვეყანა. ეს არის სწორედ, მათი წარმოდგენით, ევროპული ღირებულება, რომ თუ ხარ მდიდარი ქვეყანა, თუ პენსია არის რაღაც ოდენობის, მაშინ თურმე შეიძლება ძალადობა მშვიდობიან ადამიანებზე.
ასეთი ევროპა ესახებათ მათ წარმოდგენაში, რომ მთავარია, იყო ეკონომიკურად კარგად და მერე შეიძლება სცემო მშვიდობიან მომიტინგეებს.
სამწუხაროა, რომ საქართველოში მყოფმა ვერცერთმა ელჩმა ვერ გაბედა, ერთი სიტყვა ეთქვა. აქ ერთი შეფასება შეიძლება გაკეთდეს – რომ მათ ეშინიათ, გააკრიტიკონ საკუთარი თანამოკავშირე. და მეორე – რომ შეიძლება, ეს მათთვისაც მისაღები არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის: დანიაში აქციის დასაშლელად პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა. ვრცელდება ვიდეოც, სადაც პოლიცია მედიის წარმომადგენელსაც გაუსწორდა ფიზიკურად.


