შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერის შესახებ: „მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა „დიფ სთეითზე“ – აბა, სად არის? ოთახში არ იყო, გადავედი აბაზანაში და იქ არ დამხვდაო. ფაქტობრივად, დაგვცინის ქართველებს. პარალელურად, დასცინის პრეზიდენტ ტრამპს, ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს“

12

„ბატონი პეტერი ქართველი ხალხის წარმოდგენაში დარჩება გერმანიის იმ ელჩად, რომელიც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებდა და ადამიანებს, რომლებიც ფაშისტური სლოგანით თავს დაესხნენ ქალ დეპუტატს, არასრულწლოვან შვილთან ერთად, უწოდა საქართველოს მომავალი. ეს არის ყველაზე სამწუხარო, რომ ამ ადამიანმა საქართველო-გერმანიის 30-წლიანი მეგობრობა სამ წელიწადში ჩამოანგრია და დაიყვანა იმ დონემდე, რომ გაიგივებულია დღეს გერმანიის წარმომადგენელი საქართველოში ძალადობის, დეზინფორმაციის, პროპაგანდის ხელშემწყობად, წამქეზებლად და მხარდამჭერად“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა „დიფ სთეითზე“ – აბა, სად არის? ოთახში არ იყო, გადავედი აბაზანაში და იქ არ დამხვდაო. დაგვცინის, ფაქტობრივად, ქართველებს. პარალელურად, დასცინის ამერიკელებს, პრეზიდენტ ტრამპს, ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ლიზ ტრანსს, რომელიც ასევე საუბრობდა „დიფ სთეითზე“ ბრიტანეთში.

ძალიან სამწუხაროა, რომ გერმანელი ადამიანისგან ასეთ ცხვირაწეულ დამოკიდებულებას ვხედავთ სხვა ხალხების მიმართ. გამოდის, რომ ერთი ისაა ამ ქვეყანაზე, ვისაც პრეტენზია აქვს სრულ ჭეშმარიტებაზე. სამწუხაროა, რომ მან უცხო ქვეყნის ელჩი გააიგივა სტუმართან, რომელიც სახლში გივარდება, ძალადობას, პროპაგანდას აქეზებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.