„დანიის ხელისუფლება მორალური პედესტალიდან გვიკითხავდა ლექციებს ადამიანის უფლებებსა და ევროპულ ღირებულებებზე, მაშინ როდესაც რამდენიმე დღის წინ დანიაში ვიხილეთ შემზარავი ფაქტი — ძაღლების გამოყენებითა და საპოლიციო დანაყოფების მხრიდან ძალის გადამეტებით მშვიდობიანი აქციის დარბევა“ – გიორგი გაბუნია

26

„დანიის ხელისუფლება მორალური პედესტალიდან გვიკითხავდა ლექციებს ადამიანის უფლებებსა და ევროპულ ღირებულებებზე, მაშინ როდესაც რამდენიმე დღის წინ დანიაში ვიხილეთ შემზარავი ფაქტი — ძაღლების გამოყენებითა და საპოლიციო დანაყოფების მხრიდან ძალის გადამეტებით მშვიდობიანი აქციის დარბევა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ კოპენჰაგენში აქციის დარბევაზე საუბრისას განაცხადა.

„სიმართლე რომ გითხრათ, არასოდეს დავინტერესდებოდით დანიაში მიმდინარე კონკრეტული აქციის დაშლითა და მისი ფორმებით, რომ არა დანიის ხელისუფლების ისტერიული, გავეშებული, აგრესიული დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.

ჩვენ არაერთი განცხადება მოგვისმენია დანიის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. განსაკუთრებით აქტიურობდა დანიის საელჩო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. ისინი მორალური პედესტალიდან გვიკითხავდნენ ლექციებს ადამიანის უფლებებზე, ევროპულ ღირებულებებსა და სხვა „სათნოებებზე“, მაშინ როდესაც რამდენიმე დღის წინ, დანიაში — ევროპის შუაგულში — ვიხილეთ შემზარავი და ამაზრზენი ფაქტი: ადამიანების მიმართ აბსოლუტურად უპრეცედენტო, არადემოკრატიული, არაევროპული და ყოველგვარ ზღვარს გადასული დამოკიდებულება – ძაღლების გამოყენება და საპოლიციო დანაყოფების მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევები.

ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლება, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრო, მუდმივად აწყდებოდა ძალადობრივი და, ხშირ შემთხვევაში, გარედან დაფინანსებული ორგანიზებული ჯგუფების აგრესიასა და თავდასხმებს ქვეყანაში. ვნახეთ შეტევები საქართველოს პარლამენტზე, ცეცხლის გახსნა, მათ შორის პრეზიდენტის სასახლის მიმართულებით, გადამწვარი სკვერები, დაზიანებული უძრავი და მოძრავი ქონება, კერძო საკუთრების განადგურება, 150-ზე მეტი მძიმედ დაშავებული პოლიციელი. ამ ყველაფრის ფონზე, ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი განცხადება — არა მხოლოდ დანიის ხელისუფლების, არამედ საერთოდ რომელიმე ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან — რომელიც ამ ქმედებებს დაგმობდა.

მე მინდა საზოგადოებას ვკითხო: ნახეთ თუ არა ამ დღეებში რომელიმე ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება ან დანიის ხელისუფლების მიმართ გამოთქმული კრიტიკა? ახლა სად არის ევროსაბჭო? სად არის ევროკავშირი? სად არიან მარტა კოსი და რასა იუკნევიჩიანე?

და ბოლოს, საუბარი მხოლოდ დანიასა და იქ მიმდინარე პროცესებზე არ არის. ზოგადად უკიდურესად შემაშფოთებელია ის ტენდენციები, რომლებიც დღეს ევროპაში ვითარდება“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.