„ხალხის ძალაში“ სწორედ ის ადამიანები შევიკრიბეთ, რომლებიც მაშინაც, როცა „ოცნების“ წევრები ვიყავით, ყველაზე აქტიურად ვიცავდით იმ ღირებულებებს, რაზეც დღეს კიდევ უფრო ხმამაღლა გვიწევს საუბარი“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა სოზარ სუბარმა პარტიის საარჩევნო გეგმებზე საუბრისას განაცხადა.
„ძალიან სერიოზულად ვემზადებით არჩევნებისთვის. პრაქტიკულად, კვირა არ გადის ისე, რომ რეგიონებში გასვლები არ გვქონდეს. პირველ რიგში, ვხვდებით ჩვენს თანამებრძოლებს, შემდეგ — მოსახლეობას. ვამზადებთ ოფისებს. ფრაქცია გვყავს ყველა მუნიციპალიტეტსა და ყველა საკრებულოში. ამასთან, არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენი გუნდის შემოერთების სურვილი აქვთ, ამიტომ შესაძლოა, ფრაქციები სამკაციანი კი არა, ოთხ- ან ხუთკაციანიც იყოს. ვფიქრობთ, ბევრგან უმრავლესობისთვის ბრძოლაც შეგვეძლება.
რაც შეეხება მთავარ განსხვავებას „ქართულ ოცნებასა“ და „ხალხის ძალას“ შორის — ჩვენსა და „ოცნებას“ შორის იდეოლოგიურ სხვაობაზე საუბარი ძნელი იქნება. თუმცა არსებობს საკითხები, სადაც ჩვენ უფრო მეტად მოსახლეობის ინტერესებზე ვართ ორიენტირებულები. ამას ემატება წმინდა ტაქტიკური საკითხებიც. მაშინაც კი, როდესაც „ოცნებაში“ ვიყავით, ყველაზე მეტად ვიბრძოდით იმისთვის, რომ ჩვენი თანამებრძოლების ინტერესები დაგვეცვა, ისინი ყოფილიყვნენ წინა პლანზე და არა ყოფილი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომლებიც სხვადასხვა გზით ცდილობდნენ შემოძრომას და გარკვეული პოზიციების დაკავებას.
ერთგვარად, „ხალხის ძალაში“ სწორედ ის ადამიანები შევიკრიბეთ, რომლებიც მაშინაც, როცა „ოცნების“ წევრები ვიყავით, ყველაზე აქტიურად ვიცავდით იმ ღირებულებებს, რაზეც დღეს კიდევ უფრო ხმამაღლა გვიწევს საუბარი.
მაგალითად, როდესაც ლიბერალური ნარკოპოლიტიკის დამკვიდრების მცდელობა იყო და ამას „ოცნების“ გუნდის გარკვეული წევრები მხარს უჭერდნენ, სწორედ „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები გავილაშქრეთ ამის წინააღმდეგ. მათ შორის ერთ-ერთი პირველი დიმიტრი ხუნდაძე იყო, რომელმაც განაცხადა, რომ ამის დაშვება არ შეიძლებოდა. ამ საკითხზე მართლაც უკომპრომისოდ ვიბრძოდით. მაშინ „ოცნებიდანაც“ ბევრი დაგვიდგა გვერდში და საბოლოოდ, ლიბერალური ნარკოპოლიტიკა სრულად ვერ განხორციელდა. თუმცა ის ნაწილიც, რაც განხორციელდა, მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდა და ამის შედეგებს დღესაც ვიმკით.
ასევე, პრაქტიკულად ჩვენი გუნდის წევრები იყვნენ პირველები, ვინც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას დაუპირისპირდნენ. მაშინ ამ გადაწყვეტილების მინიმუმ ერთი წლით გადავადება მოხერხდა და ეს გადავადებაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პირადად მე დღესაც მიმაჩნია, რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა დაბრუნდეს — თუმცა არა იმ ფორმით, როგორსაც საკონსტიტუციო სასამართლო გულისხმობდა, როდესაც ერთადერთ გადამწყვეტ ფაქტორად ხმების რაოდენობა მიიჩნეოდა. ჩემი აზრით, სისტემა ისტორიული კუთხეების პრინციპზე უნდა იყოს დაფუძნებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამისთვის აუცილებლად ვიბრძოლებთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.


