„რატომ უნდათ დღეს გარკვეულ ძალებს, რომ ჩვენ საფრთხეები ვერ გავიაზროთ, ადვილი მისახვედრია. როდესაც საფრთხეს ვერ ხედავ და ვერ აცნობიერებ, უფრო ადვილად შეიძლება პროვოკაციას წამოეგო“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ქვეყანაში ვითარებაზე და გარე ძალებისგან მომდინარე საფრთხეებზე საუბრისას განაცხადა.
„თუ მშვიდობასა და ქვეყნის შიგნით სტაბილურობაზე ვისაუბრებთ, ბუნებრივია, ადამიანებს ზოგადად ცუდის გახსენება არ უყვართ, თუმცა უნდა გავიხსენოთ: 2008 წლის ომი, მანამდე კი — 2004 წლის შეიარაღებული დაპირისპირება რუსეთთან, რომელსაც ოფიციალურად ომი არ დაერქვა, მაგრამ მაშინ 16 ჯარისკაცი და პოლიციელი დაგვეღუპა. ასევე უნდა გავიხსენოთ 2008 წლის ომამდე არსებული პერიოდი, როდესაც ყველაფერში ოს სეპარატისტებს ადანაშაულებდნენ და არა რუსეთს.
აქვე გავიხსენოთ 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ პერიოდიც. ვინ მიიღო მაშინ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის პროცესში მონაწილეობა? ეს იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი, რომელმაც მოგვიანებით ასლან აბაშიძეც წაიყვანა რუსეთში. როგორც ჩანს, მაშინ სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის სანაცვლოდ აიღო პასუხისმგებლობა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დათმობაზე, ხოლო აჭარაში რუსეთის გავლენები შემცირდებოდა. საბოლოო ჯამში, ეს სცენარი შესრულდა.
თუმცა, რა მოხდა რეალურად 2008 წელს, ამაზე დღემდე ბოლომდე არ ვსაუბრობთ, რადგან არ გვინდა, საკუთარი ქვეყანა რამით დავაზიანოთ. აქ საუბარი არ არის სახელმწიფოსა და ჯარისკაცების პასუხისმგებლობაზე. თქვენ იცით, რომ საქართველომ ჰააგასა და სტრასბურგში რუსეთთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი პროცესი მოიგო და არც ერთ ქართველ ჯარისკაცს კაცობრიობის წინაშე დანაშაული არ ჩაუდენია. მიუხედავად ამისა, მაშინ მტერმა — რუსეთმა — იმაზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოგვიკლა, ვიდრე ჯარისკაცი და პოლიციელი ერთად.
რატომ უნდათ დღეს გარედან გარკვეულ ძალებს, რომ ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ ეს საფრთხეები ვერ გავიაზროთ, ადვილი მისახვედრია. როდესაც საფრთხეს ვერ ხედავ და ვერ აცნობიერებ, უფრო ადვილად შეიძლება პროვოკაციას წამოეგო. ვხედავთ ასევე, ვინ აქტიურობს ყველაზე მეტად საქართველოს წინააღმდეგ — ბალტიის სამი სახელმწიფო და პოლონეთი. მოდით ისიც გავიხსენოთ, 2008 წელს რომელი ქვეყნების ლიდერები ჩამოვიდნენ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, და რატომ. ისინი აქ მხოლოდ საქართველოს მხარდაჭერისთვის არ ჩამოსულან — მათ სურდათ მსოფლიოს ყურადღება მიექციათ იმისთვის, რომ თუ რუსეთს საქართველოში ეს ყველაფერი გაუვიდოდა, შემდეგი იქნებოდა უკრაინა, შემდეგ — ბალტიის ქვეყნები და შემდეგ — პოლონეთი.
თუმცა, მაშინ ვერ გავიხსენებ ვერც ერთ რეზოლუციას და ვერც ერთ ევროპელ ლიდერს, რომელსაც რუსეთისთვის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობა შეეხსენებინოს. ასევე, გამახსენოს ვინმემ ერთი სანქცია მაინც, რომელიც მაშინ რომელიმე რუსული კომპანიის ან პირის წინააღმდეგ დაწესდა. ან თუნდაც უკრაინის რადას ერთი გადაწყვეტილება რუსეთის ქმედებების საპასუხოდ.
დღეს თითქოს აღარ გვინდა ამ ყველაფრის გახსენება — აღარ გვინდა გავიხსენოთ, ვინ მოიყვანა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში და რა საფრთხეები მოდის რუსეთის მხრიდან. თუმცა ამაში დასამალი არაფერია. საქართველო რუსეთთან დღესაც ცივი ომის მდგომარეობაშია — ჩვენი ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია, ჩვენი მოქალაქეების გატაცება ისევ გრძელდება. მართალია, აღდგა გარკვეული ურთიერთობები — სატრანსპორტო კავშირები, უვიზო მიმოსვლა, ვაჭრობა და სხვა — მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გახდეს წინაპირობა იმისა, რომ რუსეთმა საკუთარი ვალდებულებები შეასრულოს: გაიყვანოს ჯარი და აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა“ , განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.


