„ერთადერთი, რასაც მარკო რუბიო ხვალინდელი აქციიდან გაიგებს, ჩემი აზრით, არის ის, რომ საქართველოში ქართველი ხალხი ძალიან მაღალ დონეზე აფასებს საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ის ასევე გაიგებს, რომ ეს არის ხალხი, რომელიც უკვე 17 საუკუნეა ქრისტიანია — ეს ნამდვილად იქნება გასაგები მისთვის“, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი ნიკა გვარამიას განცხადებას, რომლის თქმითაც, 26 მაისს რუსთაველზე შეკრებილი მოქალაქეები პირდაპირ აქციიდან დაელაპარაკებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, რომელიც ხვალ, 26 მაისს სომხეთში ჩასვლას გეგმავს.
„ერთადერთი, რასაც მარკო რუბიო ხვალინდელი აქციიდან გაიგებს, ჩემი აზრით, არის ის, რომ საქართველოში ქართველი ხალხი ძალიან მაღალ დონეზე აფასებს საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ის ასევე გაიგებს, რომ ეს არის ხალხი, რომელიც უკვე 17 საუკუნეა ქრისტიანია — ეს ნამდვილად იქნება გასაგები მისთვის.
ყველაფერი დანარჩენი, ამ რადიკალური ძალების პომპეზური გამოსვლები, არის გაუთავებელი ბაქიბუქი კამერების წინაშე და ისევ და ისევ ემსახურება მათ გარე პატრონებს — იმ საგარეო ძალებს, რომლებიც მათ დავალებებს აძლევენ. ისინი ცდილობენ აჩვენონ, რომ მითითებებს ზედმიწევნით ასრულებენ.
რაც შეეხება რუბიოს ვიზიტს სომხეთში, რა თქმა უნდა, კარგია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია კავკასიით — ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას. საქართველოშიც ჩამოდის დელეგაცია და ამ დელეგაციის ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მან უნდა მოამზადოს ნიადაგი მომავალი სტრატეგიული სამოქმედო გეგმისთვის, რომლის დაწყებასაც ჩვენ ვიმედოვნებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში.
მოგეხსენებათ, მარტის დასაწყისში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. დელეგაციაში მეც ვიმყოფებოდი. როდესაც ვესაუბრებოდით მაღალი თანამდებობის პირებს, სენატორებს და სხვებს, აშკარად იგრძნობოდა გარდატეხა მათ განწყობებში და ისინი საკმაოდ ინფორმირებულები იყვნენ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. როდესაც ვცდილობდი მათთვის ამეხსნა, რა იყო დეზინფორმაცია, ხშირად არც მაცდიდნენ — მეუბნებოდნენ, რომ ეს ყველაფერი უკვე იცოდნენ.
შეხვედრებზე აღვნიშნავდით, რომ საქართველო ემხრობა და იზიარებს თანაბარუფლებიანი, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. სხვათა შორის, ეს არის ის გზავნილი, რომელიც ამერიკის ამჟამინდელ ადმინისტრაციასაც არაერთხელ გაუჟღერებია — ტრამპის, რუბიოს, ვენსის და სხვათა პირით. ეს ნიშნავს, რომ ისინი ასეთ მიდგომას ემხრობიან, რაც მიუთითებს, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის არსებობს ღირებულებითი თანხვედრა და მსგავსი ხედვები საერთაშორისო პოლიტიკის წარმოების თვალსაზრისით“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.


