„ჩვენ მზად ვართ ყველა ქვეყანასთან დავალაგოთ ურთიერთობები და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ — სწორედ ამას ემსახურებოდა პრემიერის შეხვედრაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან“, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ილია ინჯიამ განაცხადა.
„დავიწყებ იმით, რომ ნებისმიერი კონფლიქტის, გაუგებრობისა თუ პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო გზა არის შეხვედრა, მოლაპარაკება, საუბარი, არგუმენტებისა და აზრების გაცვლა — იმისთვის, რომ ურთიერთობები დალაგდეს, გადაიტვირთოს და საერთო ენა გამოინახოს.
სწორედ ასე ვაფასებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტს საქართველოში და ვფიქრობ, ეს არ იქნება ბოლო ვიზიტი — მსგავსი ვიზიტები მომავალშიც გაგრძელდება.
თუმცა, ამავდროულად, ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ ეს ურთიერთობები უნდა იყოს ორმხრივი და არ უნდა ჰგავდეს იმ ურთიერთობებს, რაც აქამდე გვქონდა.
ჩვენ წინა ადმინისტრაციის მხრიდან უსამართლო დამოკიდებულების არაერთი მაგალითი გვახსოვს, თუმცა, საბედნიეროდ, ეს დამოკიდებულება შეიცვალა მას შემდეგ, რაც ახალი ადმინისტრაცია მოვიდა. ახალ ადმინისტრაციასთან გვაქვს ბევრი საერთო მიმართულება და ხედვა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, არაერთი მიდგომა, რომელიც საქართველომ აქამდე გაატარა, მოგვიანებით ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამაც გაიზიარა.
ჩვენ მზად ვართ ყველა ქვეყანასთან დავალაგოთ ურთიერთობები, დავსვათ ის საკითხები, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის და ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე.
რა თქმა უნდა, ეს ვიზიტი სპონტანურად არ მომხდარა — მას წინ უძღოდა შეხვედრები, საუბრები და კომუნიკაცია, რამაც საბოლოოდ მიგვიყვანა იმ ვითარებამდე, რომ ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი შედგა.
დარწმუნებული ვარ, ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს უფრო დააახლოებს. მომავალში გაიმართება უფრო მაღალი დონის შეხვედრები და განხილული იქნება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხები.
ამერიკა არის დიდი ქვეყანა და მნიშვნელოვანი მოთამაშე როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ახლა გარკვეულწილად მათი გადაწყვეტილების ჯერია — ჩვენ ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსირეთ და ახლა ამ ურთიერთობების განახლების მზადყოფნისა და მოლოდინის რეჟიმში ვართ“, – განაცხადა ილია ინჯიამ.


