„ამ განცხადებებს ახალი ადმინისტრაციაც ყურადღებით უსმენს და აფასებს — შესანიშნავად ადარებს ამ ადამიანების წარსულ და დღევანდელ განცხადებებს. ასე რომ, მოდით, ვაცალოთ მათ პოლიტიკურ უფსკრულში გადაჩეხვა. ჩვენ კი გავაგრძელოთ ჩვენი საქმე ისე, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით — ქვეყნისა და ქართული საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ“, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ილია ინჯიამ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ამერიკის პრეზიდენტისა და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მისამართით გაკეთებული კრიტიკული და ხშირად შეურაცხმყოფელი განცხადებების შეფასებისას განაცხადა.
„ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს მათი გამონათქვამები და პოზიციები, რომლებიც აქამდე არაერთხელ მოგვისმენია. ეს არ არის ახალი და არც დღეს დაწყებულა — ვერც იმას ვიტყვით, რომ ხვალ დასრულდება. ეს მათი პოზიციაა.
ყველას აქვს უფლება თავად მიიღოს გადაწყვეტილება, თუ როგორ გამოხატოს საკუთარი აზრი, როგორ დააფიქსიროს ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება და როგორ დაიცვას საკუთარი ქვეყნის ინტერესები.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ განცხადებებითა და რიტორიკით საქართველოს პოზიციებს იცავს, ეს მათი მცდარი შეფასებაა. ჩემი აზრით, მათი მიდგომები და შეფასებები მეტყველებს მათივე მომავალზე, იმ გზაზე, რომელსაც თავად ირჩევენ და რომელიც, ფაქტობრივად, გამოსავალს არ ტოვებს მათთვის.
ეს ყველაფერი სხვადასხვაგვარად ფორმულირებული გზავნილებითაც ვლინდება და ამას, რა თქმა უნდა, ახალი ადმინისტრაციაც ხედავს და აფასებს — შესანიშნავად ადარებს ამ რადიკალური ძალების წარსულ და დღევანდელ განცხადებებს.
ასე რომ, მოდით, ვაცალოთ ამ ძალებს პოლიტიკურ უფსკრულში გადაჩეხვა. ჩვენ კი გავაგრძელოთ ჩვენი საქმე ისე, როგორც ამას ვაკეთებდით აქამდე — ქვეყნისა და ქართული საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ“, – განაცხადა ილია ინჯიამ.


