„გვესმის, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პროვოკაციებს, თუმცა ჩვენ ასეთი პროცესები არაერთხელ გაგვივლია და ხელისუფლებას მსგავს შემთხვევებზე საკადრისი რეაგირებაც ჰქონია. შესაბამისად, ყველა შესაძლო პროვოკაცია იქნება აღკვეთილი. მნიშვნელოვანია მაქსიმალური სიფრთხილე, პირველ რიგში, რომ არავინ დაშავდეს — დანარჩენი კი ახალი არაფერი ხდება“, – ამის შესახებ შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ილია ინჯიამ რადიკალური ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
„26 მაისი ერთ დღეში არ დამდგარა — აქამდე ჩვენმა ქვეყანამ გრძელი გზა გაიარა. იყო ბევრი ემოცია, ბევრი სისხლი დაიღვარა და დიდი ტკივილი განვიცადეთ, რომ დღემდე მოვსულიყავით — დამოუკიდებლობის დღემდე, რომელიც დღესაც გასამყარებელია. იურიდიულად კი მივიღეთ დამოუკიდებლობა, რასაც ვზეიმობთ და რაც მართლაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დღესაც გვიწევს — ალბათ ეს ისტორიულადაც თან გვდევს, რომ ყოველთვის გვაქვს გასამყარებელი ჩვენი პოზიციები და დასაცავი ყველა ის ეროვნული ინტერესი, რასაც ჰქვია ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.
რაც შეეხება რადიკალური ძალების შეკრებას, რომელსაც ისინი ხვალ აანონსებენ — გვესმის, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პროვოკაციებს, თუმცა ჩვენ ასეთი პროცესები არაერთხელ გაგვივლია და ხელისუფლებას მსგავს შემთხვევებზე საკადრისი რეაგირებაც ჰქონია. შესაბამისად, ყველა შესაძლო პროვოკაცია იქნება აღკვეთილი. მნიშვნელოვანია მაქსიმალური სიფრთხილე, პირველ რიგში, რომ არავინ დაშავდეს — დანარჩენი კი ახალი არაფერი ხდება.
ეს კიდევ ერთი მცდელობა იქნება მათგან, და ჩვენ რევოლუციური მცდელობების 5 თუ 6 შემთხვევა უკვე ვნახეთ, თუ საერთოდ გაბედავენ რამეს, თუმცა საქმე მხოლოდ მათ „გამბედაობაზე“ არ არის — ეს დამოკიდებულია შეკრებილი ხალხის რაოდენობაზეც, რაც, დარწმუნებული ვარ, არ იქნება დიდი და მსგავსი მოლოდინი აბსურდულია.
ქართულმა საზოგადოებამ უკვე კარგად გაიცნო ისინი და იცის, რა ნარატივებზე და მიზნებზე დგას მსგავსი შეკრებები. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ყველაფერი მშვიდად ჩაივლის, ქვეყანა ღირსეულად და სიამაყით იზეიმებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“, – განაცხადა ილია ინჯიამ.


