მამუკა მდინარაძე: “არცერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე არ მოვა და არ გადაწყვეტს, რომ თავად გახდეს მმართველი. ამის გაკეთებას ისინი ეცდებიან ქვეყნებში საკუთარი ხალხის ხელით. ეს უნდა გავაცნობიეროთ და ამის გაცნობიერება არის გარანტი იმისა, რომ ჩვენ დამოუკიდებლობას ვერავინ ვერასდროს წაგვართმევს”

23

“ასეთი პატარ-პატარა ინფორმაციები, საბოლოო ჯამში, იმ ჯაჭვს წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ყველა მათი მოქმედება დამოკიდებულია, სამწუხაროდ, გარე დავალებაზე. გარედან თუკი რაიმე დავალება მოდის, ყველა ემსახურება სლოგანს – “გათიშე და იბატონე”, – განუცხადა ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ ოპოზიციისთვის უცხოელი კონსულტანტის მიერ 26 მაისის აქციისთვის დაწერილ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს.

„არცერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე არ მოვა და არ გადაწყვეტს, რომ თავად გახდეს მმართველი. ამის გაკეთებას ისინი ეცდებიან ქვეყნებში საკუთარი ხალხის ხელით. რომელიმე უცხოელი ქვეყნის წარმომადგენელი არ მოვა და არ გადაწყვეტს, რომ გახდეს პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე ან რომელიმე თანამდებობის პირი, რომ მართოს ქვეყანა. ისინი შეეცდებიან, საკუთარი ხალხის, ჩვენს შემთხვევაში, ქართველების ხელით გათიშონ და შემდეგ იბატონონ ამ ქვეყანაზე. ეს უნდა გავაცნობიეროთ და ამის გაცნობიერება არის გარანტი იმისა, რომ ჩვენ დამოუკიდებლობას ვერავინ ვერასდროს წაგვართმევს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.