„საქართველოს ხელისუფლებისთვის სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირების მიერ გამოგზავნილი დამოუკიდებლობის დღის ოფიციალური მილოცვები ნიშნავს, რომ საქართველო შემდგარი და ანგარიშგასაწევი სახელმწიფოა და რაც უნდა ეცადოს ვინმე ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ამ ფაქტის გაუფასურებას, ეს არ გამოუვა“ – კოტე ჟღენტი

27

„საქართველოს ხელისუფლებისთვის სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირების მიერ გამოგზავნილი დამოუკიდებლობის დღის ოფიციალური მილოცვები ნიშნავს, რომ საქართველო შემდგარი და ანგარიშგასაწევი სახელმწიფოა და რაც უნდა ეცადოს ვინმე ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ამ ფაქტის გაუფასურებას, ეს არ გამოუვა“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, კოტე ჟღენტმა განაცხადა.

„დიდი ხანია, ჩვენი ხელისუფლების ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა, რადგან ჩვენი სახელმწიფოსა და ხელისუფლების პოლიტიკა თანმიმდევრული და პროგნოზირებადია. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საკუთარ პრინციპებზე და, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს პოლიტიკაში ვითვალისწინებთ სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს. ეს არაერთხელ აღუნიშნავთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ამ თანმიმდევრულობასა და პრინციპების ერთგულებას უცხოეთშიც ხედავენ — ყველა დონეზე: როგორც დიდი, ე.წ. ზესახელმწიფოები, ისე ჩვენი მეზობელი ქვეყნები. ამის დასტურია იმ ლიდერთა ჩამონათვალიც, რომლებმაც საქართველოს ხელისუფლებას დამოუკიდებლობის დღის ოფიციალური მისალოცები გამოუგზავნეს. ეს მხოლოდ პროტოკოლი არ არის — ეს ნიშნავს, რომ საქართველო შემდგარი და ანგარიშგასაწევი სახელმწიფოა.

თუნდაც ის ფაქტი, რომ სხვადასხვა წამყვან ქვეყანაში ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში ნათდება, ჩვენი ქვეყნის მიმართ პატივისცემის გამოხატულებაა. მაგალითად, როდესაც ქუვეითში ელჩად ვმუშაობდი, ქვეყნის ცნობილი სიმბოლოები საქართველოს დროშის ფერებში განათდა. ეს ნათლად აჩვენებს იმ ქვეყნის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ და რაც უნდა ეცადოს ვინმე — ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ — ამ ყველაფრის გაუფასურებას ან კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, ეს არ გამოუვა“, – განაცხადა კოტე ჟღენტმა.