კოტე ჟღენტი: „ელჩების ნაწილი, რომელთა გვარებიც ყველასთვის ცნობილია, საქართველოსთან მიმართებით ყოველგვარ დიპლომატიურ ეტიკეტს არღვევენ. თუმცა, თუ გადავხედავთ იმ მილოცვებს, რომლებიც დღეს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა გამოაგზავნეს, სწორედ იქ ჩანს ის რეალობა, რომლის საფუძველზეც ეს სახელმწიფოები მომავალში ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით იმოქმედებენ“

24

„ელჩების ნაწილი, რომელთა გვარებიც ყველასთვის ცნობილია, საქართველოსთან მიმართებით ყოველგვარ დიპლომატიურ ეტიკეტს არღვევენ. თუმცა, თუ გადავხედავთ იმ მილოცვებს, რომლებიც დღეს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა გამოაგზავნეს, სწორედ იქ ჩანს ის რეალობა, რომლის საფუძველზეც ეს სახელმწიფოები მომავალში ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით იმოქმედებენ“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, კოტე ჟღენტმა ელჩების ნაწილის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.

„ელჩების ნაწილი, რომლებზეც მე ვსაუბრობ, ფაქტობრივად, ჩემს კოლეგებზე, ყველამ ვიცით მათი გვარები, სცდებიან ყოველგვარი დიპლომატიური ეტიკეტის ფარგლებს – ცდილობენ ვინმეს მოსაწონად იმოქმედონ, არღვევენ დიპლომატიის წესებს, ერევიან ქვეყნის საშინაო და საგარეო საქმეებში და ა.შ.

როდესაც საელჩო ანგარიშს ამზადებს და მას ელჩი აწერს ხელს, მისი მთავარი მოვალეობა იმ ქვეყანაში არსებული რეალობის აღწერაა — ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური თუ სხვა მიმართულებებით — და ამ ინფორმაციის საკუთარი ხელმძღვანელობისთვის, საგარეო უწყებისა და საბოლოოდ ქვეყნის ხელისუფლებისთვის მიწოდება.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთი ელჩი შესაძლოა საკუთარ შეფასებებსაც აფიქსირებდეს, მაგრამ ამავე დროს ანგარიშებში აუცილებლად ასახავს იმ რეალობას, რაც ქვეყანაში ნამდვილად ხდება. სხვაგვარად რომ იყოს, მათი სახელმწიფოების ხელმძღვანელობა ასეთ ელჩებს თანამდებობაზე არ დატოვებდა და უკან გაიწვევს.

ვფიქრობ, მათ საკმარისი გამოცდილება აქვთ იმისთვის, რომ სრულად დეზინფორმაციას არ აჰყვნენ. შესაძლოა საკუთარი აზრი ჰქონდეთ, თუმცა პარალელურად აღწერენ ქვეყნის რეალურ მდგომარეობას — ეკონომიკის განვითარებას, მთავრობის საქმიანობას, ხელისუფლების ნდობის რეიტინგს, კორუფციასთან ბრძოლის პროცესს და სხვა საკითხებს.

ყველა ვხედავთ, რომ ეს მონაცემები სრულ წინააღმდეგობაში მოდის იმასთან, რასაც ეგრეთ წოდებული ოპოზიცია ამტკიცებს, ასევე იმასთან, რასაც მათი უცხოელი მხარდამჭერები და პატრონები აცხადებენ.

თუ გადავხედავთ იმ მილოცვებსა და გზავნილებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა, პრეზიდენტებმა და სხვა ლიდერებმა გამოაგზავნეს, სწორედ იქ ჩანს ის რეალობა, რომლის საფუძველზეც ეს სახელმწიფოები მომავალში ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით იმოქმედებენ“, – განაცხადა კოტე ჟღენტმა.