„გუშინდელი საღამო იყო ფინალური აკორდი იმის დასანახად, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას. ჩვენ ვნახეთ, როგორც იტყვიან – რაც არ უნდა ჭირი მალო, ჭირი თავს არ დამალავს – არ დამალა ჭირმა თავი და ვნახეთ გუშინ „ნაცმოძრაობის“ აქცია მთელი თავისი ესთეტიკით, პლაკატებით, მოწოდებებით, სახეებით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით.
„მიხეილ სააკაშვილისა და მისი რეჟიმის მაღალჩინოსნების – გვარამიას, ბოკერიას, ვაშაძის მიერ ორგანიზებული ღონისძიება – ეს არის სინამდვილეში, რაც დაინახა ქართველმა ხალხმა – ადამიანები, რომლებიც მოწოდებულები არიან, რომ გახლიჩონ საზოგადოება. მაშინ, როდესაც ქვეყანა ზეიმობს, ჩააშხამონ ადამიანებს ზეიმი. ვნახეთ გუშინ მათი მცდელობები, რომ რაიმენაირად ყოფილიყო რადიკალური მუხტი, მაგრამ ეს მუხტიც აღარ აქვთ უკვე და დაკარგულია, დიდი ხანია. ასე რომ, ვფიქრობ, გუშინდელი დღე იყო განაჩენი რადიკალური ოპოზიციისთვის. ის რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც მათ გარშემო არის შემოკრებილი, არის ზუსტად ის „ფეისბუკ“ ბაბლი, რომელსაც თავი წარმოუდგენია საზოგადოებად და სინამდვილეში, „ფეისბუკის“ ერთი „ფრენდლისტია“. მათი მოწოდებებიდანაც ჩანდა, რომ სოცქსელებში გამოჩენილიყვნენ.
ნიშანდობლივია, რომ დამოუკიდებლობის დღეს, როდესაც საზოგადოება ზეიმობს სუვერენიტეტს, რადიკალური ოპოზიცია დაკავებულია კვლავ ვასალური ქცევით იმისთვის, რომ უცხოელების დავალებები შეასრულოს. ბოლო პერიოდში მათ წამოსცდათ, რომ ამგვარ ღონისძიებებს აორგანიზებენ იმიტომ, რომ სხვებს დაანახონ და დაათვლევინონ თავები, როგორც თვითონ თქვეს, იმისთვის, რომ მათი მფარველობა კიდევ გაგრძელდეს. ეს არის „ნაცობის“ იდეოლოგია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


