“ჩვენ ამას მადლობისთვის არ ვაკეთებთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ფუნქციონირებდეს. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვისაც”, – ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი გაერო-ს წევრი 50 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, ერთობლივ განცხადებას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმების გაძლიერებასა და დიპლომატიური დაწესებულებების მიმართ მუქარას გმობს.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველომ უკრაინის მხარდამჭერ ათობით საერთაშორისო რეზოლუციას აქამდეც დაუჭირა მხარი, უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულების მიუხედავად.
პაპუაშვილი ასევე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომლითაც მან მაკა ბოჭორიშვილს მადლობა გადაუხადა.
„ის სიგნალები, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, იმედს გვიტოვებს, რომ ხდება გადააზრება მათი პოლიტიკისა საქართველოსა და ქართველ ხალხთან მიმართებით. ვნახოთ, დაველოდოთ. მომავალი გვაჩვენებს, რამდენად სერიოზულად მოხდება გადააზრება იმ მცდარი პოლიტიკისა, რაც აქამდე უკრაინის ხელისუფლებას ქართველი ხალხისა და მისი ხელისუფლების მიმართ ჰქონდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


