„ჩვენი ქალაქისთვის დიდი სიმდიდრეა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლების არსებობა. ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. თბილისის განვითარების ფონდი ამჯერად რეაბილიტაციის პროექტს იწყებს სიონის ტაძარში“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
დედაქალაქის მერის თქმით, სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.
„არსებული მდგომარეობით, დაზიანებულია ტაძრის გადახურვა და სამრეკლო, რის გამოც, მოსული ნალექი აზიანებს კედლებს და საფრთხეს უქმნის ტაძარში არსებულ ფრესკებს. შესაბამისად, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტაძრის აღნიშნულ ნაწილს.
სატენდერო პროცედურები დასრულებულია, გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.


