„რთულია, სერიოზულად ისაუბრო ადამიანებზე, რომლებიც ყოველ შეკრებაზე გაფუჭებული კალკულატორივით ხალხის რაოდენობას ბოლოში ნულებს უმატებენ და ბაზარში სასწორით მოსიარულეებს გვანან. წლებია ვუყურებთ მათ უკუქცევად „არითმეტიკულ პროგრესიას“ და ვრწმუნდებით, რომ ყოველი „მასობრივი“ და „უპრეცედენტო“ შეკრება წინაზე უფრო მცირეა“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა რადიკალური ოპოზიციის მიერ 26 მაისს გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
„2007 წლის 7 ნოემბერი ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და მტკივნეული დღეა — „იმედის“ უმოწყალო დარბევით, ხალხის სასტიკი ცემითა და ძალადობით. თუმცა 2011 წლის 26 მაისი ამ ყველაფრის კიდევ უფრო მძიმე და სასტიკი განმეორებაა, რადგან სისასტიკეს მაშინ განსაკუთრებული ცინიზმიც დაერთო. ეს იყო რეჟიმის ჯალათების ცინიკური კმაყოფილება, რომლებიც სიამოვნებას იღებდნენ ძალადობით, სისხლითა და მიცვალებულებით. საზოგადოებას დღემდე ახსოვს კადრები, როდესაც გვამებს მეტროს სახურავებზე ათავსებდნენ, გარდაცვალებას გულის შეტევას აბრალებდნენ და ასე შემდეგ. ეს კიდევ დამატებითი ცინიკურობა იყო.
როდესაც ამ ყველაფრის შემდეგ, წლების შემდეგ, ზუსტად იმავე დღეს, კვლავ აქციას აწყობენ და სწორედ იმ სასტიკი რეჟიმის შემოქმედი სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, „პან მიხაილოს“ ციხიდან გამოშვების მოწოდებებით გამოდიან, ეს საზოგადოებისთვის კიდევ ერთი ცინიკური ჟესტია.
შესაბამისად, ისინი ცინიზმის მიღმა პოლიტიკურ ველზე დღემდე ვერ გადმოვიდნენ — უფრო ფსიქოსოციოლოგიური კვლევის ინტერესის საგნად დარჩნენ, ვიდრე სერიოზულ პოლიტიკურ ძალად.
რთულია, სერიოზულად ისაუბრო ადამიანებზე, რომლებიც ყოველ შეკრებაზე გაფუჭებული კალკულატორივით ხალხის რაოდენობას ბოლოში ნულებს უმატებენ და ბაზარში სასწორით მოსიარულეებს გვანან.
რას აძლევთ ეს ტყუილი და ხალხის ხელოვნურად გაზრდილი რაოდენობა, ამ კითხვაზე პასუხი თავადაც არ აქვთ. წლებია ვუყურებთ უკუქცევად „არითმეტიკულ პროგრესიას“ — ყოველი „მასობრივი“ და „უპრეცედენტო“ შეკრება წინაზე უფრო მცირეა. სადამდე უნდა მივიდნენ? ას კაცს ათასად გამოაცხადებენ და მერე?
ისევ გაცვეთილი სახეები, წლების განმავლობაში მოსმენილი ლოზუნგები და ბელადის ფოტოები. არც ახალი სახეები, არც ახალი იდეები, არც კონსტრუქციული ხედვა — აბსოლუტურად არაფერი. მხოლოდ მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებზე, მაშინ როდესაც „ვადიან არჩევნებშიც“ ვერაფერი ქნეს. არადა შეეძლოთ შესულიყვნენ პარლამენტში და პოლიტიკური საქმიანობა კონსტიტუციის ფარგლებში გაეგრძელებინათ, მაგრამ მათთვის არც კონსტიტუციაა ღირებული, არც სახელმწიფო და არც სამშობლო. მათი დღის წესრიგი მუდმივი არეულობა, ქვეყნის გარეთ ცრუ დასმენები და დეზინფორმაციაა, რომელმაც უკვე დიდი ხანია „ფეიკების“ ჩვეულებრივ მასშტაბსაც გადააჭარბა“, – განაცხადა დავით ქართველმა.


