„ამ არეული პროცესებისა და პოლიტიკოსების ფონზე, ერთადერთი ვისი იმედიც მაქვს, არის ჩინეთის ლიდერი, რომელსაც შესაძლოა ისეთი გავლენა ჰქონდეს ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებზე, რომ მათი ნების მიუხედავად მხარეები მიიყვანოს ზავამდე და სამშვიდობო შეთანხმებამდე, ან თუნდაც დროებითი ცეცხლის შეწყვეტამდე“,- ამის შესახებ ანალიტიკოსმა, დავით ქართველიშვილმა მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და ამ პროცესებში ჩინეთის როლზე საუბრისას განაცხადა.
„თანამედროვე გეოპოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცინიზმი იმაშია, რომ მას მოკლე მეხსიერება აქვს ისეთი მძიმე მოვლენების მიმართ, როგორიცაა ღაზას სექტორში პალესტინელი ბავშვების მასობრივი დახოცვა. დღეს ეს ფაქტები უკვე თითქმის დავიწყებულია. ასევე სწრაფად მიეცა დავიწყებას ის ტრაგედიაც, რომლის დროსაც ირანში კოლეჯზე განხორციელებული იერიშის შედეგად დაახლოებით 170 ახალგაზრდა გოგონა დაიღუპა. მსგავსი ბედი ეწია სხვა მოვლენებსაც — მათ შორის ლუგანსკში განვითარებულ ტრაგედიას, სადაც, თუ პირდაპირ ვიტყვით, არ არსებობდა სამხედრო ობიექტი და იერიში განხორციელდა საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, სადაც ძირითადად სტუდენტი გოგონები სწავლობდნენ.
მსოფლიო ასეთ მოვლენებს დღეს ხშირად გულგრილად უყურებს. მაშინ, როდესაც 30–50 წლის წინ თითოეული მსგავსი ფაქტი შესაძლოა სერიოზული ტრიგერი და მესამე მსოფლიო ომის საბაბიც კი გამხდარიყო.
ეს ცინიკური დუმილი განსაკუთრებით სახიფათოა და არანაირი ანალიზისა და პროგნოზის საშუალებას არ გვაძლევს. რადგან შენ ცდილობ შენი პროგნოზი ადამიანურ გრძნობებზე ააგო, მაგრამ ისეთი სახიფათო სიჩუმეა, რომ მხოლოდ ორ უკიდურეს ვარიანტს გიტოვებს – შესაძლოა, რაღაც ზებუნებრივი ძალების ჩარევით ეს ომი მართლაც შეწყდეს, ან უბრალოდ ერთ-ერთ მხარეს ნერვებმა უმტყუნოს – იქნება ეს რუსეთი, თუ, უკრაინას არ ვიტყვი, ვიტყვი ევროკავშირს, უფრო სწორად ევროკავშირის წაქეზებით უკრაინას აიძულონ გააკეთოს ის, რაც 4 წლის განმავლობაში ამ ომში არ გაუკეთებია – სარაკეტო იერიში მიიტანოს რუსეთის შუაგულზე და შესაძლოა, მის დედაქალაქზეც კი. აი ამის მერე როგორ განვითარდება პროცესი და რითი დამთავრდება, ამის პროგნოზი ძალიან ძნელია.
ამ არეული პროცესებისა და პოლიტიკოსების ფონზე, ერთადერთი, ვისი იმედიც მაქვს, არის ჩინეთის ლიდერი, რომელთანაც ჯერ ამერიკის პრეზიდენტი ჩავიდა, შემდეგ კი რუსეთის. მას ჩემზე და თქვენზე უკეთ ესმის ამ პროცესების განვითარების რამდენიმე სცენარი და, დარწმუნებული ვარ, ნამდვილად არ უნდა, რომ ჩამოყალიბდეს ფართომასშტაბიანი ქაოსი, რომელმაც შეიძლება მსოფლიო მნიშვნელობის სერიოზული ძვრები გამოიწვიოს.
იმედი მაქვს, ჩინეთის ლიდერს ისეთი გავლენა აქვს ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებზე, რომ, უნდათ თუ არა, მოუწევთ საბოლოოდ საქმე მიიყვანონ გარკვეულ ზავამდე, სამშვიდობო შეთანხმებამდე ან თუნდაც დროებით ცეცხლის შეწყვეტამდე. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ უკრაინელ ხალხს მიეცეს საშუალება, დაახლოებით 3-4 თვის განმავლობაში ჩაატაროს ახალი არჩევნები და ამ არჩევნებმა მეტ-ნაკლებად მშვიდობიანი შედეგი მოიტანოს“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.


