„მათ არ აქვთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერა — რა მორალური მხარდაჭერა უნდა ჰქონდეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც 26 მაისს აქციის ჩატარება გაბედეს, მაშინ როცა საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რა მოაწყვეს 2011 წლის 26 მაისს — როგორ გაწყვიტეს ხალხი რუსთაველის გამზირზე, დაარბიეს და დაასისხლიანეს“, — ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„ეს პოლიტიკური ძალა, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები ეწოდება, არ დგას იმ ფესვებზე, რასაც ქართველი ხალხი, საზოგადოება და საქართველო ჰქვია. ქართული გენეტიკა, ტრადიციები, ოჯახი და რწმენა მათთვის მიუღებელია და სწორედ ამიტომაც ვერ აღწევენ წარმატებას.
ვხედავთ, უკვე მერამდენე არჩევნებს აგებენ ზედიზედ. ქუჩაშიც სულ უფრო უჭირთ მასობრივი აქციების ორგანიზება, რადგან საზოგადოებამ — მათ შორის მათი ყოფილი ამომრჩევლის ნაწილმაც — გააცნობიერა, რომ ამ პოლიტიკურ ძალას რეალური მომავალი არ აქვს.
არცერთი მათგანი არ საუბრობს იმაზე, რომ საქართველო არის სამშობლო, რომ ის უნდა იყოს სუვერენული სახელმწიფო, სადაც მშვიდობა იქნება და არა ომი. ამ ყველაფერს თავადაც საჯაროდ აცხადებენ და არ მალავენ. ასევე არ მალავენ იმასაც, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ქართულ საზოგადოებას კი არ ესაუბრებიან, არამედ უცხოეთში დადიან და იქ ათანხმებენ სამოქმედო გეგმებს.
აქედან გამომდინარე, მათ არ აქვთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერა. ორ ან სამ ათას კაცზე მეტი ვეღარ გამოჰყავთ აქციებზე, მორალური მხარდაჭერაც არ გააჩნიათ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ორი თუ სამი ათასი კაციც რომ იყოს აქციაზე, მაგრამ მორალური მხარდამჭერები ჰყავდეთ, აქცია უკვე ძლიერი იქნებოდა.
თუმცა, რა მორალური მხარდაჭერა უნდა ჰქონდეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც 26 მაისს აქციის ჩატარება გაბედეს, მაშინ როდესაც საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რა მოაწყვეს წლების წინ ამ დღეს — 2011 წლის 26 მაისს: როგორ გაწყვიტეს ხალხი რუსთაველის გამზირზე, დაარბიეს და დაასისხლიანეს. ამაზე კონკრეტული ფაქტებიც არსებობს და სისხლის სამართლის საქმეებიცაა აღძრული. მიუხედავად ამისა, მაინც ბედავენ და 26 მაისს აქციას აწყობენ.
ისიც კარგად იციან, რომ სხვა დღეს — 20-ში, 24-ში ან 25-ში — აქცია რომ ჩაეტარებინათ, ხალხს ვერ შეკრებდნენ, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, აღარავინ მიდის მათ აქციებზე. ზუსტად იმ მიზეზის გამო, რომ გეგმა არ გააჩნიათ. გეგმა რომ ჰქონდეთ, ხედვა უნდა ჰქონდეთ, ხედვა რომ ჰქონდეთ, პოლიტიკური დღის წესრიგიც ექნებოდათ. მათი პოლიტიკური დღის წესრიგი კი ერთია — რასაც ეტყვიან მათი გარე პატრონები და რა განცხადებასაც დაუწერენ, იმის მიხედვით მოქმედებენ.
ზუსტად ეს არის აგენტის ხვედრი — მათი შედეგები ყოველთვის აცდენილია საქართველოსა და ქართული საზოგადოების მიზნებს. ეს ასეა და ყოველთვის ასე იქნება — ეს წრე მუდმივად იტრიალებს, ვიდრე „ნაცმოძრაობის“ სამართლებრივი სტატუსი ოფიციალურად არ განისაზღვრება, როგორც ანტისახელმწიფოებრივი პარტია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.


