გურამ მაჭარაშვილი გიორგი კანდელაკის ე.წ. კვლევაზე: „იმედი მაქვს, შესაბამისი უწყებები ამ განცხადებებს სამართლებრივ შეფასებას მისცემენ, რადგან არ შეიძლება საკუთარ ქვეყანას მსგავსი მძიმე ბრალდებები წაუყენო და ამის არანაირი მტკიცებულება არ გაგაჩნდეს“

30

„იმედი მაქვს, შესაბამისი უწყებები ამ განცხადებებს სამართლებრივ შეფასებას მისცემენ, რადგან არ შეიძლება საკუთარ ქვეყანას მსგავსი მძიმე ბრალდებები წაუყენო, ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ილაპარაკო და ამის არანაირი მტკიცებულება არ გაგაჩნდეს“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გიორგი კანდელაკის ე.წ. კვლევაზე საუბრისას განაცხადა.

„ის, რაც გიორგი კანდელაკმა გააკეთა, პირდაპირი ჯაშუშობაა, რადგან როდესაც საჯაროდ ავრცელებ ტყუილ განცხადებებს და თან თავადვე აცხადებ, რომ ამას კონკრეტული ქვეყნების გასაღიზიანებლად აკეთებ, ეს უკვე უმძიმესი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია.

ერთ შემთხვევაში ირანს ეუბნებიან, თითქოს საქართველო ამერიკის მხარეს დგას და ამიტომ უნდა დაარტყან, მეორე შემთხვევაში კი ამერიკას უმტკიცებენ, თითქოს საქართველო ირანის მხარესაა და ამიტომ საქართველოზე ზეწოლა უნდა განხორციელდეს.

ისიც გვახსოვს ირანის ელჩთან მისული ჟურნალისტი კითხვებს როგორ უსვამდა ისეთი ფორმით, რომ ეს აშკარად გამაღიზიანებელი ყოფილიყო. იქნებ იმ ელჩს როგორმე თავისი ხელმძღვანელობისთვის ამბავი ჩაეტანა, იქნებ ერთი ორი ბომბი აქაც ჩამოეგდოთ. ეს პირდაპირ ჩანდა იმ ჟურნალისტის კითხვაში. იმასაც თუ საერთოდ ჟურნალისტი ჰქვია.

ეს არის სწორედ ის მოცემულობა, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია — მათი მიზანი ყოველთვის საქართველოში არეულობის მოწყობა იყო, რადგან იციან, რომ სხვა გზით ხელისუფლებაში დაბრუნებას ვეღარ შეძლებენ. ეს კარგად ესმით მათ გარე მხარდამჭერებსაც, რომლებმაც რეალური საზოგადოებრივი განწყობები და რეიტინგები კარგად იციან. შესაბამისად, მსგავსი განცხადებების მიზანიც ქვეყანაში დაძაბულობისა და არეულობის შექმნაა, რათა იქნებ ამ ფონზე მაინც მოახერხონ ხელისუფლებაში მობრუნება.

თუ ვინმეს მართლაც აქვს კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები, რომ ქვეყანაში მსგავსი საფრთხე არსებობს, მაშინ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა მიმართოს — განსაკუთრებით მაშინ, თუ პოლიტიკოსია და საკუთარ თავს ქვეყნის ინტერესების დამცველად მიიჩნევს. თუმცა რეალურად ვხედავთ საპირისპიროს — საჯარო განცხადებების გაკეთების შემდეგ, როდესაც გამოძიებაზე იბარებენ, საკუთარ ნათქვამსაც კი უარყოფენ.

იმედი მაქვს, შესაბამისი უწყებები ამ განცხადებებს სამართლებრივ შეფასებას მისცემენ, რადგან არ შეიძლება საკუთარ ქვეყანას მსგავსი მძიმე ბრალდებები წაუყენო, ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ილაპარაკო და ამის არანაირი მტკიცებულება არ გაგაჩნდეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.