პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოსმენისას, განცხადება გააკეთა.
„მინდა, ჩემს გამოსვლაში წამოვჭრა პროფესიული სასწავლებლების საკითხიც. ძალიან კარგი მეთოდი შეუმუშავებია სამინისტროს და დაგეთანხმებით, რომ კრედიტების სისტემის შემოღება მნიშვნელოვანია. შემდგომში, ალბათ, დამუშავდება დეტალები, თუ რამდენი კრედიტია საჭირო იმისთვის, რომ უმაღლესმა სასწავლებელმა აღიაროს პროფესიულ სასწავლებელში მიღებული კომპეტენცია. ეს, სხვათა შორის, სახელმწიფოს ფინანსურ რესურსებსაც დაუზოგავს და მისასალმებელი ნაბიჯია, თუმცა არის მთელი რიგი სპეციალობები, რომლის კრედიტით აღიარება ვერ მოხდება – არსებობს ისეთი სპეციალობები, რომელსაც ადამიანი მხოლოდ პროფესიული სასწავლებლის ფარგლებში დაეუფლება და უმაღლეს სასწავლებლებში არ მოიძებნება შესაბამისი სპეციალობა. სწორედ ამ მიმართულებით,
ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დუალური პრაქტიკის დამკვიდრება. კერძოდ, ვგულისხმობ ბიზნესთან ძალიან მჭიდრო კონტაქტში ასეთი სპეციალობების შემუშავებას და შესაბამისი საინფორმაციო კამპანიის უფრო აქტიურად წარმოებას, რათა ყველამ, იქნება ეს მოსწავლე, მშობელი, თუ ბიზნესი, თვალნათლივ დაინახოს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ურთიერთობები და სპეციალობის დაუფლება შესაბამისი თეორიულ-პრაქტიკული ბაზის მომზადებით. ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნის განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას მოემსახურება. ასე რომ, ამ მიმართულებითაც, ვფიქრობ, შეიძლება, სამინისტრომ გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები.
გისურვებთ წარმატებას, ვინაიდან განათლება და მეცნიერება, სწორედ, ქვეყნის განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას ემსახურება“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.


