„ფაშინიანი ცნობილია, როგორც პოლიტიკოსი, რომელსაც შეუძლია ძალიან სწრაფად შეცვალოს საკუთარი განცხადებები, რამდენადაც კატეგორიულიც არ უნდა იყოს ისინი“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, პეტრე მამრაძემ სომხეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას განაცხადა.
„მაგალითად, გვახსოვს 2020 წლის შემოდგომა, როდესაც მთელ ყარაბაღში ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. ეს პროცესი დასრულდა იმით, რომ აზერბაიჯანმა შეძლო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მოგვიანებით კი ყარაბაღი რუსმა სამხედროებმაც დატოვეს და რეგიონში პრაქტიკულად აღარ დარჩა სომეხი მოსახლეობა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი იქ საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ასევე გათავისუფლდა ყარაბაღის გარშემო არსებული შვიდი რაიონი, რომლებიც დეფაქტო სომხეთის მიერ იყო ოკუპირებული, და საბოლოოდ აღდგა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა. თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი არც მალავდა თავის დამოკიდებულებას — პირიქით, ხშირად იმეორებდა: „ერთი ერი ვართ ორ სახელმწიფოში და ყველაფერს ერთად ვაკეთებთო“. გამარჯვების აღლუმიც ბაქოში ერდოღანმა და ალიევმა ერთად ჩაიბარეს.
თუმცა მანამდე, 2020 წელს, ფაშინიანი ამერიკაში იმყოფებოდა, სადაც მსგავსი შინაარსის განცხადებებს აკეთებდა: „ჩვენ თავი უნდა დავანებოთ ასეთ პოლიტიკას და შეტევაზე გადავიდეთ; უნდა ვიფიქროთ იმ მიწებზე, რომლებიც სომხეთმა თურქეთში დაკარგა“. ფაქტობრივად, საუბარი იმ ტერიტორიების დაბრუნებას შეეხებოდა. მსგავსი განცხადება გააკეთა სომხეთის თავდაცვის მინისტრმაც.
ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ ფაშინიანი ყარაბაღში ჩავიდა, სადაც ერთგვარი სატელევიზიო პერფორმანსი მოაწყო და განაცხადა: „მთიანი ყარაბაღი სომხეთია, წერტილი“. მიუხედავად ამისა, სომხეთს ოფიციალურად არასოდეს უღიარებია მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა და არც მისი ანექსია მოუხდენია.
მას შემდეგ, რაც ომი ტრაგიკულად დასრულდა და სომხურმა მხარემ მძიმე დანაკარგები განიცადა, ფაშინიანმა სრულიად განსხვავებული რიტორიკით დაიწყო საუბარი. ის სომხეთის ქალაქებსა და სოფლებში დადიოდა და აცხადებდა, რომ დრო იყო, ძველი მითოლოგიებისა და ლეგენდებისთვის თავი დაენებებინათ და ეცადათ გადაერჩინათ ის, რაც დარჩა — „ეს სომხეთი მაინც შევინარჩუნოთო“. ამავე დროს, აზერბაიჯანის მხრიდან არაერთი პრეტენზია ისმოდა.
ასე რომ განცხადებებსა და რეალურ პოლიტიკურ ნაბიჯებს შორის განსხვავება, არა მხოლოდ ფაშინიანის შემთხვევაში, არამედ ზოგადად პოლიტიკაში იქცა უკვე ჩვეულ მოვლენად. ამასწინათ ერთმა ფრანგმა კოლეგამ მითხრა: „საფრანგეთში და ზოგადად დასავლეთში მთავარია, კონკრეტულ მომენტში ტელეკამერების წინ რაღაც თქვა, თორემ მერე რა გაკეთდება, ამას უკვე ნაკლები მნიშვნელობა აქვსო“, – განაცხადა პეტრე მამრაძემ.


