„შესაძლოა, ფაშინიანს გათვლა აქვს იმაზე, რომ რუსეთის მიმართ გაკეთებული მწვავე განცხადებები არჩევნებში დაეხმარება. თუმცა რეალურად რა ურთიერთობა აქვს მას კრემლთან კულუარებში, უცნობია. არ არის გამორიცხული, არჩევნების შემდეგ კვლავ შეცვალოს რიტორიკა და დამოკიდებულება – ეს მას არაერთხელ გაუკეთებია“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, პეტრე მამრაძემ სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ გვახსოვს, ცოტა ხნის წინ, სომხეთში ჩატარებულ სამიტზე 47 ქვეყნის ლიდერი ჩავიდა. გაიმართა მაკრონის ოფიციალური ვიზიტიც, სადაც მან აღნიშნა, რომ ფაშინიანი „ხავერდოვანი რევოლუციის“ ლიდერი იყო და ამით რუსეთის გავლენისგან გარკვეული დისტანცირება მოახერხა. თუმცა რეალობა ასეთია: სომხეთი დღემდე დსთ-ის წევრია და ფაშინიანს ოფიციალურად არასოდეს უთქვამს, რომ ქვეყანა ორგანიზაციას დატოვებდა. ასევე სომხეთი რჩება ოდკბ-ის წევრად — ორგანიზაციისა, რომელსაც ხშირად „რუსულ ნატოს“ უწოდებენ. ამ ხელშეკრულების მიხედვით, წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან ერთმანეთის უსაფრთხოებაში მონაწილეობა მიიღონ. გარდა ამისა, სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრიცაა, რაც მისთვის ეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ სომხეთი, ყირგიზეთთან და ყაზახეთთან ერთად, რუსეთისთვის პარალელურ იმპორტში მონაწილეობს.
ფაშინიანი ამ ყველაფერს იმ ფონზე აკეთებს, როცა 7 ივნისის არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. ყარაბაღის დაკარგვისა და დიდი მსხვერპლის შემდეგ სომხურ საზოგადოებაში მკვეთრი პოლარიზაცია შეიქმნა. საზოგადოების ნაწილი უკიდურესად ანტირუსულად არის განწყობილი, რადგან მათ იმედი ჰქონდათ, რომ რუსეთი აზერბაიჯანს ზეწოლას მოახდენდა, როგორც ეს 2016 წელს მოხდა. ამჯერად ასე არ მოხდა, რადგან გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა. თუმცა ქვეყანაში კვლავ არსებობს პრორუსულად განწყობილი საზოგადოებრივი ჯგუფებიც.
ფაშინიანი სწორედ ამ ჯგუფებს ეყრდნობა და სხვადასხვა ტიპის განცხადებებს აკეთებს. მსგავს განცხადებებს აკეთებენ დასავლელი ლიდერებიც, რომლებიც სომხეთში გამართულ სამიტებზე ჩავიდნენ, მათ შორის ზელენსკიც. ზელენსკის მონაწილეობამ იმ სამიტში კრემლი აშკარად გააღიზიანა, მაგრამ ჯერჯერობით ეს ყველაფერი უფრო წინასაარჩევნო კამპანიის ელემენტს ჰგავს.
შესაძლოა, ფაშინიანს გათვლა აქვს იმაზე, რომ რუსეთის მიმართ გაკეთებული მწვავე განცხადებები არჩევნებში დაეხმარება. თუმცა რეალურად რა ურთიერთობა აქვს მას კრემლთან კულუარებში, უცნობია. არ არის გამორიცხული, არჩევნების შემდეგ კვლავ შეცვალოს რიტორიკა და დამოკიდებულება — ეს მას არაერთხელ გაუკეთებია. სწორედ ასე შეძლო ხელისუფლებაში დარჩენაც. ბევრს არ ეგონა, რომ ყარაბაღის ტრაგედიის შემდეგ ის კვლავ თანამდებობაზე დარჩებოდა.
ახლა რთულია იმის პროგნოზირება, რა მოხდება 7 ივნისს. თუმცა სომხეთის გარკვეულ წრეებში საუბრობენ, რომ ფაშინიანს გამარჯვების რეალური შანსები აქვს“, – განაცხადა პეტრე მამრაძემ.


