კახა კალაძე: “კარგია, რომ გორში მომხდარი ძალადობის ფაქტი გასაჯაროვდა და სახელმწიფომ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე იმოქმედა”

27

„თუ ვინმემ არ უნდა იაქტიუროს და არ უნდა ისაუბროს აღნიშნულ თემაზე, ეს სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“, რადგან ყველას გვახსოვს, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს რა პროცესები მიდიოდა, რა პრობლემების წინაშე იდგა ქართველი ხალხი და, ზოგადად, მთლიანად ქვეყანა”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ გორში, კომბინატის დასახლებაში პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით.

“რაც შეეხება აღნიშნულ ფაქტს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი და ძალიან მძიმე სანახავი იყო ყველაფერი, რაც საზოგადოებამ იხილა, თუმცა მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ამას სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვა მყისიერი რეაგირება და კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ კანონის წინაშე ყველანი თანასწორნი ვართ.

კარგია, რომ ეს ფაქტი გასაჯაროვდა და ამას მოჰყვა სათანადო რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფომ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება და იმოქმედა მყისიერად“, – განაცხადა თბილისის მერმა.