გიორგი ქაჯაია გორში მომხდართან დაკავშირებით რადიკალების ბრალდებებზე: „კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა ქვეყანაში მათი ხელისუფლების პერიოდში — ქუჩებში ცემა-ტყება, ბიზნესის რეკეტი, ციხიდან საკაცით გამოყვანილი პატიმრები და პოლიციელების ხელით ლიკვიდირებული უდანაშაულო ახალგაზრდები. სწორედ ეს რადიკალური ჯგუფები ცდილობენ დღეს კონკრეტული გადაცდომა, რომელზეც ხელისუფლებამ მყისიერი რეაგირება მოახდინა, პოლიტიკური თვალთმაქცობის საგნად აქციონ“

30

„კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა ქვეყანაში მათი ხელისუფლების პერიოდში — ქუჩებში ცემა-ტყება, ბიზნესის რეკეტი, ციხიდან საკაცით გამოყვანილი პატიმრები და პოლიციელების ხელით ლიკვიდირებული უდანაშაულო ახალგაზრდები. სწორედ ეს რადიკალური ჯგუფები ცდილობენ დღეს კონკრეტული გადაცდომა, რომელზეც ხელისუფლებამ მყისიერი რეაგირება მოახდინა, პოლიტიკური თვალთმაქცობისა და სპეკულაციის საგნად აქციონ, – “ამის შესახებ ანალიტიკოსმა გიორი ქაჯაიამ გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით რადიკალების ბრალდებებზე საუბრისას განაცხადა.

„პირველ რიგში, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ვსაუბრობთ, უნდა აღინიშნოს, რომ მას სხვადასხვა დანაყოფი და პოლიტიკური ჯგუფი ჰყავს. ამიტომ, მოდით, ვისაუბროთ ახალ ალიანსზე, რომელიც, ფაქტობრივად, იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ გაგრძელებაა. მათი ხელწერაა, რომ შანსის შემთხვევაში საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. თუმცა, დავიწყოთ იმ კონკრეტული ფაქტის განხილვით, რომელიც საზოგადოებამ ორი დღის წინ იხილა.

რა თქმა უნდა, ეს მძიმე კადრები იყო. ამასთანავე, საზოგადოებაში გაჩნდა პროტესტი — სამართლიანი პროტესტი, ასევე კითხვები და შენიშვნები. საზოგადოება ითხოვდა პასუხებს და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მყისიერი რეაგირება დაიწყო. საქმეში ჩაერთნენ შესაბამისი უწყებები, მიმდინარეობს გამოძიება და, ბუნებრივია, საზოგადოება ყველა კითხვაზე მიიღებს პასუხს.

ყველა ნორმალურ სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოშიც, სადაც გამართულად ფუნქციონირებს შესაბამისი ინსტიტუტები, აუცილებელია გამოძიების შედეგების დალოდება. თუმცა, ის პოლიტიკური ჯგუფები, ე.წ. მესამე სექტორის წარმომადგენლები და დანაყოფები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და რადიკალურ ოპოზიციასთან არიან აფილირებული, ცდილობენ ვითარების გამწვავებას ისე, რომ საკუთარი წარსული ავიწყდებათ.

ამ წარსულში ვგულისხმობ იმ პერიოდს, როდესაც მათი ხელისუფლებაში ყოფნისას სისტემური დანაშაული პოლიტიკურ იარაღად იყო ქცეული. თავად სამართალი და მართლმსაჯულებაც პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად გამოიყენებოდა. საზოგადოებას კარგად ახსოვს ქუჩებში ცემა-ტყება, ბიზნესის რეკეტი, ციხიდან საკაცით გამოყვანილი პატიმრები, მოლაშვილის საქმე, პოლიციელების ხელით ლიკვიდირებული უდანაშაულო ახალგაზრდები. შემდეგ კი სწორედ იმდროინდელი მაღალჩინოსნები გვევლინებოდნენ ამ პოლიციელების მფარველებად. საზოგადოებას ახსოვს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მეუღლეც, რომელიც გვირგვლიანის საქმეში ფიგურირებდა და არაერთი სხვა ფაქტიც.

საზოგადოება იმასაც კარგად ხედავს, როგორ ცდილობენ ეს რადიკალური ჯგუფები აღნიშნული თემის პოლიტიკური თვალთმაქცობისთვის გამოყენებას. რეალურად კი საქმე ეხება კონკრეტულ გადაცდომას, რომელზეც სახელმწიფომ მყისიერი რეაგირება მოახდინა და უკვე დაკავებულია ექვსი პოლიციელი.

2012 წლის შემდეგ, როდესაც ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ გუნდი მოვიდა, საზოგადოებამ ეს მხოლოდ პოლიტიკურ ცვლილებად არ აღიქვა. ეს იყო შიშის, ძალადობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის დასრულების დასაწყისი. გაჩნდა განცდა, რომ განსხვავებული აზრის გამო ადამიანი ციხეში აღარ აღმოჩნდებოდა.

სწორედ ეს შეიცვალა 2012 წლიდან დღემდე. დღეს, იქნება ეს პოლიციელი თუ მაღალი თანამდებობის პირი — და ამის არაერთი მაგალითი არსებობს — კონკრეტული დანაშაულის შემთხვევაში ხელს აღარავინ აფარებს და ისინი პასუხისგებაში ეძლევიან. ეს მოწმობს, რომ კანონის უზენაესობა და სამართალი ჩვენს ქვეყანაში ყველასთვის ერთნაირია.

ამ ფონზე, იმ პოლიტიკური გუნდისა და მათი დანაყოფების, ანასხლეტების — იქნება ეს გვარამია თუ „ძმანი მისნი“ — აღტკინება და „აღშფოთება“ მხოლოდ პოლიტიკური თვალთმაქცობაა. საბედნიეროდ, ჩვენი საზოგადოება მათ კარგად იცნობს და მკაფიოდ ხედავს, სად არის სიმართლე და სად — თვალთმაქცობა“, – განაცხადა გიორგი ქაჯაიამ.