„უმჯობესი იქნება, იმ ადამიანებმა, რომლებიც აქციებს აწყობენ და ამ თემით სპეკულაციას ცდილობენ, ჯერ საკუთარი „უფროსების“ პოლიტიკურ მემკვიდრეობას გადახედონ“ – გიორგი ქაჯაია გორში მომხდართან დაკავშირებით რადიკალების ბრალდებებზე

25

„იმდენად დაზიანებული ფსიქოლოგიისა და აზროვნების ადამიანები არიან, რომ მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან მყისიერი ნაბიჯებისა და ფაქტობრივად რამდენიმე საათში გადადგმული ქმედითი ნაბიჯებისა, ისინი მაინც აგრძელებენ სამართალდამცავების და მთელი სისტემის ლაფში ამოსვრას. ეს არასწორია“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გიორი ქაჯაიამ გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით რადიკალების ბრალდებებზე საუბრისას განაცხადა.

„იმის გამო, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა, კონკრეტულმა სამართალდამცველებმა გადაამეტეს საკუთარ უფლებამოსილებას და, რა თქმა უნდა, მათ აუცილებლად უნდა აგონ პასუხი. თუმცა, როდესაც კრიტიკას გამოთქვამ, საკუთარი ქვეყნის სამართალდამცავ სისტემასაც უნდა გაუფრთხილდე. ჩვენ მრავლად გვყავს კეთილსინდისიერი სამართალდამცავები, მართლაც გმირი ადამიანები, და სრულიად დაუშვებელია ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა.

დიახ, სისტემის წარმომადგენლების მხრიდან მოხდა გადაცდომა, თუმცა სახელმწიფოს რეაგირება მყისიერი იყო. მაგრამ თუ ყველაფერს ისე მივუდგებით, რომ ბნელ ოთახში კატას ვეძებდეთ მაშინ, როცა იქ კატა საერთოდ არ არის, ეს მხოლოდ ხელოვნურად შექმნილ სპეკულაციამდე მიგვიყვანს. ქვეყანაში თითიდან გამოწოვილი სასპეკულაციო თემები კი ყოველთვის იარსებებს.

რა თქმა უნდა, მძიმე ფაქტი მოხდა. პირადად ჩემთვისაც ძალიან მძიმე საყურებელი იყო. კრიტიკაც ბუნებრივი და მისაღები იყო. თუმცა, როდესაც ვნახეთ მყისიერი რეაგირება, ინსტიტუციურად გამართული მუშაობა და შესაბამისი მოქმედებები, მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირების პოლიტიკური შეფასებებიც, აქ უკვე სპეკულაციის სივრცე აღარ რჩება და კითხვის ნიშნებიც აღარ არსებობს.

ამავდროულად, ჩვენ მოვისმინეთ ერთ-ერთი დაზარალებულის ოჯახის წევრის განცხადებაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ელოდება გამოძიების შედეგებს და ენდობა სამართალდამცავი ორგანოებისა და პროკურატურის მიერ ჩატარებულ გამოძიებას.

ამიტომ, უმჯობესი იქნება, იმ ადამიანებმა, რომლებიც აქციებს აწყობენ და ამ თემით სპეკულაციას ცდილობენ, ჯერ საკუთარი „უფროსების“ პოლიტიკურ მემკვიდრეობას გადახედონ“, – განაცხადა გიორგი ქაჯაიამ.