„ყველას გვახსოვს, რა ხდებოდა სააკაშვილის დროს ციხეებში — ქონებების გადაფორმება, პირადი ნოტარიუსები, არარსებულ დანაშაულებზე ჩვენებების მოპოვება წამებისა და პირადი ცხოვრების შანტაჟის ხარჯზე. ბიზნესმენებთან ოჯახის წევრები — შვილები, ქალიშვილები, ბიჭები თუ გოგონები — შეჰყავდათ და მათი წამების მუქარით ბიზნესებს ითვისებდნენ. სააკაშვილი და მისი გუნდი წამებაზე როგორ უნდა საუბრობდნენ“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გიორგი ქაჯაიამ გორში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა და „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ადამიანების წამების ფაქტები გაიხსენა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ადამიანების წამების საქმეებზე საუბარს ერთი გადაცემა ნამდვილად არ ეყოფა. თუმცა, გავიხსენებ ვიტყვი იმას, რომ ეს იყო დრო, როდესაც საქართველოში, ფაქტობრივად, არ მოიძებნებოდა ოჯახი, რომელსაც ოჯახის წევრი ან ახლობელი ციხეში არ ჰყავდა. როგორც მახსოვს, მხოლოდ პრობაციონერთა რაოდენობა იყო დაახლოებით 300 ათასი. ეს ადამიანები ხშირად წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი ხდებოდნენ.
ყველას გვახსოვს, რა ხდებოდა სააკაშვილის დროს ციხეებში — ქონებების გადაფორმება, პირადი ნოტარიუსები, არარსებულ დანაშაულებზე აბსურდული ჩვენებების მოპოვების მცდელობა წამებისა და პირადი ცხოვრების შანტაჟის ხარჯზე. ჩვენ არაერთი ფაქტი ვიცით, როდესაც ბიზნესმენებთან ოჯახის წევრები — შვილები, ქალიშვილები, ბიჭები თუ გოგონები — შეჰყავდათ და მათი წამების მუქარით ბიზნესებს ითვისებდნენ.
დღემდე ცალკე საკითხია, გამოსულები არიან თუ არა ეს ადამიანები იმ შოკიდან, რაც მაშინ გადაიტანეს. თუმცა, თუ რაიმე მორალური და წმინდა არსებობს, ყველაფერს პოლიტიკას ხომ ვერ დავარქმევთ. მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი წამებაზე როგორ უნდა საუბროდეს, როდესაც თავად იყვნენ წამების სისტემის შემოქმედნი და საქართველოში სისტემური დანაშაულის ავტორები.
ეს ხომ ფაქტებია. ჩვენ გვახსოვს „კორტების საქმე“. თუ იმ ადამიანებზე რაიმე ინფორმაცია ჰქონდათ ან ეჭვი არსებობდა, მათი დაკავება კანონის ფარგლებში შეეძლოთ. მაგრამ მაშინ მიზანი სამართლის აღსრულება კი არა, ადამიანების დაშინება იყო. ეს იყო მიზანმიმართული ქმედება საზოგადოების დასათრგუნად.
სააკაშვილი საუბრობს წამებასა და სისასტიკეზე და ჩნდება კითხვა — ახსენდება თუ არა ვინმეს, რომ 2012 წლამდე ციხიდან ვინმეს ამდენი პოსტი დაედო სოციალურ ქსელში? ეს მაშინ საერთოდ წარმოუდგენელი იყო. დღეს კი მხოლოდ დღის განმავლობაში ოთხი მისი პოსტი ვნახე და შესაძლებელია, დღის ბოლომდე კიდევ რამდენიმე „გამოაცხოს“.
ასევე, ვხედავთ, როგორ გამოდიან დღეს პატიმრები ციხეებიდან — ზოგს მაცივარი გამოაქვს, ზოგს ტელევიზორი. ახლა ეს შევადაროთ იმას, რაც ადრე გვინახავს: როგორ გამოჰყავდათ ციხეებიდან პატიმრები სააკაშვილის პერიოდში.
ჩვენ გვახსოვს ციხის ბუნტიც, რომელიც რეალურად დაშინებას ემსახურებოდა და არავითარ კრიმინალურ კონტექსტს არ უკავშირდებოდა. იმ სისტემაში, პირველ რიგში, სწორედ ელიტური კრიმინალი თავად ხელისუფლების წარმომადგენლებმა შექმნეს.
ჩვენ ხომ ზოგად შეფასებებს არ ვაკეთებთ — ეს არის ფაქტები. საგამოძიებო კომისიაზეც კონკრეტული ადამიანები სწორედ ფაქტებზე საუბრობდნენ.
ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, აქ ვსაქმიანობთ — ზოგი პოლიტიკაშია, ზოგი ბიზნესში, ზოგი სპორტში — მნიშვნელობა არ აქვს, და როდესაც ეს ადამიანები გვესაუბრებიან სისტემურ დანაშაულზე, ეს არის თავხედობა და ქართველი ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრა, რაც, საბედნიეროდ, არ გამოუვათ, ქართული საზოგადოება ბრძენია და ამას არ დაუშვებს“, – განაცხადა გიორგი ქაჯაიამ.


