„თუ პრაქტიკაში შევადარებთ იმას, რაც ევროპაში ხდება და რა კადრებსაც იქ ვხედავთ, ამასთან შედარებით ჩვენი პოლიცია ბევრად უფრო ჰუმანურად მოქმედებს“ – გიორგი ქაჯაია გორში მომხდარ ინციდენტზე

26

ანალიტიკოსმა გიორგი ქაჯაიამ გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ თუ მომხდარს რაიმე წინაპირობა უძღოდა, აუცილებელია, ეს საკითხი შესაბამისმა ორგანოებმა გამოიძიონ.

„თუ არსებობდა რაიმე წინაპირობა, რასაც ჩვენ ვერც ვუარყოფთ და ვერც დავადასტურებთ, ამის ამსახველი კადრები საზოგადოებას, ყოველ შემთხვევაში, არ უნახავს, მნიშვნელოვანი ობიექტური გამოძიება. ობიექტური გამოძიებისა და სრულფასოვანი მოკვლევის პირობებში, რა თქმა უნდა, თუ რაიმე წინაპირობა გამოიკვეთება, ნებისმიერი ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს — თუ ასეთი ფაქტი არსებობდა.

ასე ხდება ზოგადად გერმანიაში, საფრანგეთში თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც ჩვენ არაერთხელ გვინახავს- თუ არსებობს რაიმე წინაპირობა, თუნდაც მხოლოდ ხელი აუქნიოს ვინმემ სამართალდამცავს, პირდაპირ მის ლიკვიდაციას ახდენენ.

ამიტომ ვამბობ, რომ კონკრეტული გადაცდომები შესაძლოა არსებობდეს — ეს ძალიან ცუდია და სამართალდამცავ სისტემაში ხელმძღვანელობას კიდევ მეტი სამუშაო აქვს. რასაკვირველია, ყველაფერი იდეალურად არ არის. თუმცა თუ პრაქტიკაში შევადარებთ იმას, რაც ევროპაში ხდება და რა კადრებსაც იქ ვხედავთ, ამასთან შედარებით ჩვენი პოლიცია ბევრად უფრო ჰუმანურად მოქმედებს.

თუმცა ზუსტად წინასწარ ვერაფერს ვიტყვი და მოვლენებს ვერ გავუსწრებ. მხოლოდ ერთს ვიტყვი — იმდენად ობიექტურად მიმდინარეობს გამოძიება, რომ ყველაფერი ძალიან მალე უნდა გახდეს ნათელი“, – განაცხადა გიორგი ქაჯაიამ.