„ნარატივი, თითქოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ევროკავშირში ინტეგრაცია შეაჩერა, სრული სიცრუეა. პირიქით — სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში იქნა მიღებული ევროპული ინტეგრაციის გზაზე ყველა მნიშვნელოვანი პრაქტიკული ინსტრუმენტი და გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით“ – თორნიკე ფაღავა

19

„ნარატივი, თითქოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ევროკავშირში ინტეგრაცია შეაჩერა, სრული სიცრუეა. პირიქით — სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში იქნა მიღებული ევროპული ინტეგრაციის გზაზე ყველა მნიშვნელოვანი პრაქტიკული ინსტრუმენტი და გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით.“- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა თორნიკე ფაღავამ განაცხადა.

„საზოგადოებას მინდა მოკლე ექსკურსი გავუკეთო და შევახსენო, საიდან დაიწყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გართულება. 2022 წელს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საქართველო, რბილად რომ ვთქვათ, ერთგვარ გაურკვეველ ვითარებაში აღმოჩნდა.

ერთი მხრივ, ყველას კარგად გვახსოვს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კაზუს ბელი, ანუ ფორმალური საბაბი, ნატოს ბაზების განთავსებისა და ბუქარესტის ჩანაწერის საკითხი იყო, რაც საქართველოსა და უკრაინის ნატოში ინტეგრაციას გულისხმობდა. რა თქმა უნდა, ომს სხვა პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მიზეზებიც ჰქონდა, თუმცა ოფიციალურ არგუმენტად სწორედ ეს სახელდებოდა. რუსეთი პირდაპირ და საჯაროდ გვემუქრებოდა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია უნდა დაგვევიწყებინა.

მეორე მხრივ, საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან სულ რამდენიმე თვეში, მაშინ როდესაც საქართველოს ხელისუფლებას ჯერ არც „გამჭვირვალობის კანონი“ ჰქონდა მიღებული და არც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონები, ემანუელ მაკრონმა ღიად განაცხადა, რომ საქართველო ვერ გახდებოდა ევროკავშირის წევრი და ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, რადგან სხვა გეოგრაფიულ არეალში მდებარეობს.

აქედან გამომდინარე, ერთი მხრივ, ჩრდილოელი ოკუპანტი პირდაპირ გვითითებდა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები უნდა შეჩერებულიყო, ხოლო მეორე მხრივ, ევროკავშირის მხრიდან ვხედავდით გაუბედავ და ბუნდოვან პოლიტიკურ ნაბიჯებს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გართულება.

თუმცა, მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველო მაინც ჯიუტად ითხოვდა კანდიდატის სტატუსს, მაშინ როდესაც ევროკავშირი ამის პრაქტიკულ მექანიზმებს არ იძლეოდა.

ამიტომ ნარატივი, თითქოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ევროკავშირში ინტეგრაცია შეაჩერა, სრული სიცრუეა. პირიქით — სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში იქნა მიღებული ევროპული ინტეგრაციის გზაზე ყველა მნიშვნელოვანი პრაქტიკული ინსტრუმენტი და გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით“, – განაცხადა თორნიკე ფაღავამ.