პეტერ ფიშერი: „მალე ჩვენს ვებგვერდს ექნება ახალი დიზაინი და გონივრულ ვადაში დაინახავთ საქართველოს შესახებ ცვლილებებს. ასე ბუნდოვნად იმიტომ ვამბობ, რომ საელჩო და მე – ელჩი არ ვმართავთ ვებგვერდს“

22

„დიახ, ვებგვერდი განახლდება. მალე ჩვენს ვებგვერდს ექნება ახალი დიზაინი და გონივრულ ვადაში დაინახავთ საქართველოს შესახებ ცვლილებებს. ასე ბუნდოვნად იმიტომ ვამბობ, რომ საელჩო და მე – ელჩი არ ვმართავთ ვებგვერდს. მე არ ვაკონტროლებ ვებგვერდს“, – ასე უპასუხა გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა რადიო “თავისუფლების” კითხვას, თუ “რატომ არის, რომ საქართველოს პრეზიდენტად იქ ჯერაც სალომე ზურაბიშვილი წერია, საგარეო საქმეთა მინისტრად კი – ილია დარჩიაშვილი.

„შემიძლია, ჩემს კოლეგებს ჩემი მოსაზრება გავუზიარო, მაგრამ საბოლოოდ მე არ ვწყვეტ. ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ რასაც იქ ვწერთ, გარანტირებულად ზუსტი არ არის. ვფიქრობ, ეს საკითხი დროთა განმავლობაში გაქრება. არ ვიცი, ტექნიკურია თუ არა. მართლა არ ვიცი. არ ჩავღრმავებივარ“, – აცხადებს პეტერ ფიშერი.

გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე საქართველოს ხელისუფლების შესახებ ინფორმაციის განახლების მოთხოვნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური ნოტა სამჯერ გააგზავნა.

პირველი ნოტა გაიგზავნა გასული წლის ივლისში. მეორე ნოტა გაიგზავნა მიმდინარე წლის მარტში, მესამე ნოტა კი – 2026 წლის 28 აპრილს, მას შემდეგ, რაც წინა მიმართვების დიპლომატიური ვადა ამოიწურა, თუმცა ბერლინს მონაცემები კვლავ არ ჰქონდა შეცვლილი. აღსანიშნავია, რომ ამ დროში, გერმანულმა მხარემ მოახერხა რუსეთის ფედერაციის შესახებ ინფორმაციის განახლება – საგარეო უწყების ვებგვერდზე რუსეთის შესახებ ბოლო ცვლილება 2026 წლის მარტში ფიქსირდება.