“საქართველოს დელეგაცია არის პარტნიორი NATO-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ჩვენ ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ საქართველოს და NATO-ს საპარლამენტო განზომილებები”, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციასთან ერთად, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, ვილნიუსში იმყოფება.
„საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვილნიუსში მონაწილეობს NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე. ეს სესია დაიწყო ორი დღის წინ და დღეს სრულდება. სესიაზე განხილვის მთავარი საკითხებია: რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული და კონვენციური სამხედრო საფრთხეები, ასევე, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, NATO-ს წევრ ქვეყნებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის პერიოდის გახანგრძლივება; ასევე, სამხედრო ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში უფრო მეტი ინვესტიციების ჩადება და, ზოგადად, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების გაძლიერება.
ჩვენ, ასევე, დღეს მოვისმინეთ NATO-ს გენმდივნის მოადგილის გამოსვლა, რომელმაც ისაუბრა გეგმებზე, მათ შორის, მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე დახარჯვაზე თავდაცვის მიზნებისთვის და, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა გახდა სამხედრო ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორია, შესაბამისად, უკრაინას დღეს ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო დანაყოფები და ამ ბრძოლიდან NATO-მ დასკვნები უნდა გამოიტანოს”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.


