„საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაგრძელებთ მონაწილეობას NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში. არის ძალიან საინტერესო დისკუსიები. ზოგადად, ეს ასამბლეა ემთხვევა ძალიან კრიტიკულ პერიოდს გეოპოლიტიკური თამაშის პროცესში“, – განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, რომელიც, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციასთან ერთად, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, ვილნიუსში იმყოფება.
„მსოფლიო საზოგადოება ხედავს, რა ვითარებაა, როგორ იბრძვიან საკუთარი გავლენებისთვის მსხვილი სახელმწიფოები და, რა თქმა უნდა, ევროპაც, NATO-ც ფიქრობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება, ამ პროცესში იყოს უფრო აქტიური, უფრო ეფექტიანი. ეს დისკუსიებიც, საპარლამენტო განხილვებიც სწორედ ამ დიდი, გლობალური დისკუსიების ნაწილია – საპარლამენტო მიმართულებით, ამ ფორმით, ამ ხაზით პოლიტიკოსებმა იმსჯელონ სწორედ იმაზე, თუ როგორ შეიძლება, NATO იყოს უფრო ეფექტიანი ამ გეოპოლიტიკურ პროცესში და გარდაქმნებში.
იყო ძალიან საინტერესო შეფასებები, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
ყველაზე ყურადსაღები იყო ის შეფასებები, რომ დღეს უკრაინა წარმოადგენს ერთგვარ ლაბორატორიას ბევრი მიმართულებით, მათ შორის, ტექნოლოგიების გამოცდის და ა.შ., რაც ბევრ რაღაცაზე შეიძლება მეტყველებდეს. ზოგადად, სამწუხაროა, როდესაც, ამხელა თავგანწირვის მიუხედავად, ქვეყანა აღიქმება როგორც ლაბორატორია და იმის ნაცვლად, რომ ნამდვილად გულწრფელად ედგნენ უკრაინელებს გვერდში და მხარს უჭერდნენ, ამ ყველაფერს უყურებენ როგორც პროცესს, სადაც შეიძლება საკუთარი უკეთესი ტექნოლოგიები გამოსცადონ. ისევ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უყურებენ ამ პროცესებს“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.


