„ახალი სამმართველო იქნება პირველი რეალური ქმედითი ნაბიჯი, რომ საზოგადოების ეს გახლეჩა, სიძულვილის ენა და ბოროტებამდე მისული ერთმანეთის შეურაცხყოფა აღმოიფხვრას“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
„პრევენცია არა მხოლოდ მნიშვნელოვანია, არამედ არის მიზანი. პოლარიზაცია, საზოგადოების დახლეჩა, ერთმანეთზე გადამტერება იმ „ვორდინგის“ გამო, გამოხატვის იმ ფორმის გამო, რომელიც აბსოლუტურად არანაირი თავისუფლების და უფლების ფარგლებში არ ჯდება და მის მიღმაა, აზიანებს, აბინძურებს არა მხოლოდ პოლიტიკურ ველს, არამედ, უბრალოდ, ადამიანურ ურთიერთობებს. ასევე, აზიანებს სამომავლო ინტერესსაც, რომ ქართველები ვიყოთ ერთიანები ელემენტარულ საკითხებში, სამშობლოსთან დაკავშირებულ საკითხებში მაინც. ამ პროცესსაც კი აზიანებს, იმდენად გაღვივდა გარედან თავსმოხვეული დავალებების შესაბამისად ეს პრობლემა, განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში.
ისეთი ქმედებების პრევენციისთვის, რომელიც უხეშად არღვევს სხვა ადამიანის უფლებებს, მის პატივსა და ღირსებას ეხება ძალიან ცუდად, ჩვენ მიერ შემუშავდა ახალი მიდგომა და ამ პრევენციის უზრუნველყოფის საშუალება გახლავთ ახალი სამმართველო, რომელიც, რა თქმა უნდა, ერთ დღესა და ერთ თვეში ვერ მოახერხებს პრობლემის აღმოფხვრას, მაგრამ იქნება პირველი რეალური ქმედითი ნაბიჯი იმისათვის, რომ საზოგადოების გახლეჩა, სიძულვილის ენა, ბოროტებამდე მისული შეურაცხყოფა იქნას აღმოფხვრილი. მხოლოდ სწორმა საზოგადოებრივმა პოზიციამ და აზრმა ეს ვერ უზრუნველყო, როგორც ყოველთვის. ხშირ შემთხვევაში, ეს წარმატებით მოახერხა რამდენიმე წამყვანმა ევროპულმა ქვეყანამ. ამ შემთხვევაში, ჩვენ ამ გზას ვადგავართ და ეს ბევრ კეთილ მიზანს მოემსახურება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.


