“საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ბატონი ალექსანდრე კარტოზია 2025 წლის 1-ელ ოქტომბერს დაინიშნა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან 2025 წლის 10 სექტემბერს გაცემული აგრემანის საფუძველზე”, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რწმუნებათა სიგელები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის ამ დრომდე არ გადაუცია, თუმცა რწმუნებათა სიგელების ასლები გერმანიის ფედერალურ საგარეო უწყებას 2025 წლის 17 დეკემბერს ჩაბარდა.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, 2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დღემდე გერმანიის პრეზიდენტმა ლიბანის, ბაჰრეინის, ეკვადორის, განას, კანადის, ნიგერიის, ინდონეზიის, კომორის კუნძულების კავშირის, ფილიპინების, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ახალი ზელანდიის, მონღოლეთის ახლად დანიშნული ელჩებისგან მიიღო რწმუნებათა სიგელები.
ქართულ მხარეს ოფიციალური განმარტება გერმანული მხარისგან არ მიუღია. გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ასევე არ განახლებულა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ, მიუხედავად ქართული მხარის მიერ არაერთგზის განხორციელებული ოფიციალური შეტყობინებისა.
ქართული მხარისთვის სრულიად გაუგებარია გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების არათანმიმდევრული მიდგომები ქართულ სახელმწიფოსთან.


