„სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს ლანძღვა-გინებისა და შეურაცხყოფის უფლებას. თუ არ შეჩერდება ის მანკიერი პრაქტიკა, რასაც ლანძღვა-გინება, ბულინგი და შეურაცხყოფა ჰქვია, ეს პროცესი საბოლოოდ შეიძლება სრულ კატასტროფამდე მივიდეს. ამიტომ აუცილებელია მსგავსი პრეცედენტების აღმოფხვრა და იმედი მაქვს, რომ შესაბამისი სამმართველო ამ საკითხს სათანადოდ დაარეგულირებს“, – ამის შესახებ მედია პოლიტიკის ექსპერტმა გიორგი ახვლედიანმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს აუცილებლობაზე საუბრისას განაცხადა.
„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, რომელიც ბოლო 10-12 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში, განსაკუთრებით იმ მედიასაშუალებების საქმიანობიდან გამომდინარე, რომლებიც „ნაცების“ პრესსამსახურებად იქცნენ. მათ ფაქტობრივად უგულებელყვეს და გაანადგურეს ყველა ის მედია სტანდარტი და ძირითადი ფუნდამენტი, რაზეც ჟურნალისტური საქმიანობაა დაფუძნებული.
ჩვენს ქვეყანაში უკვე სიტყვის თავისუფლება კი აღარ არის, არამედ ისე გადააჭარბეს ამ თავისუფლების ფარგლებს, რომ ეს ყველაფერი განუკითხაობად იქცა. სწორედ ეს არის დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემა — სიტყვის განუკითხაობა.
ჟურნალისტიკაში არსებობს ერთი უმთავრესი სტანდარტი — ფაქტი. ეს არის ჟურნალისტიკის წმიდათა წმინდა. ფაქტი არ შეიძლება გამოიგონო, ის უნდა მოხდეს და შემდეგ მიაწოდო საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ერთი და იგივე ფაქტი სხვადასხვა მედიასაშუალებამ შეიძლება განსხვავებული ინტერპრეტაციით გააშუქოს — ერთმა ერთი კუთხით, მეორემ სხვა კუთხით. მაგრამ ფაქტი ფაქტად უნდა დარჩეს და მომხდარი არ უნდა შეიცვალოს.
ჩვენთან კი მივედით იმ საშინელებამდე, იმ აბსურდამდე და არანორმალურობამდე, როდესაც ზოგიერთი მედიასაშუალება რეიტინგისთვის, პოლიტიკური ვითარების დაძაბვისთვის, საზოგადოებაში ისტერიის შესატანად, ადამიანების გასაშავებლად, ბულინგისა და პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად არარსებულ ფაქტებს იგონებს და შემდეგ ამტკიცებს, რომ ეს სიმართლეა.
მარტო ის რად ღირს, ერთი მაგალითი რომ გავიხსენოთ: „ტვ პირველმა“ ნოდარ მელაძის გადაცემის ანონსში განაცხადა, რომ ივანიშვილს მარიხუანის ქარხანა ჰქონდა ნიკარაგუაში, თუ რომელიღაც სხვა ქვეყანაში. მეორე დღეს ბიზნესმენი უგულავა გამოვიდა და თქვა: „რას ამბობთ, ხალხო, ის ჩემი ქარხანაა, სადაც სამედიცინო მარიხუანას ვაწარმოებო“. მიუხედავად იმისა, რომ მთელმა საქართველომ გაიგო, რომ „ტვ პირველი“ სიცრუეს ავრცელებდა, ეს გადაცემა ეთერში მაინც გავიდა. წარმოიდგინეთ, რა დონემდე შეიძლება იყოს პოლიტიკური ინტერესი გადაზრდილი ცილისწამებაში, დეზინფორმაციასა და ბულინგში.
მეორე საკითხია შეურაცხყოფა და სიძულვილის ენა, რომელიც უკვე წესად დაამკვიდრეს ზოგიერთმა ცნობილმა, პოლიტიზებულმა ჟურნალისტმა, მაგალითად, გვარამიამ. სწორედ ამ ადამიანმა და მისმა გუნდმა დაამკვიდრეს ქართულ მედიაში ის მანკიერი პრაქტიკა, რასაც ჰქვია ლანძღვა-გინება, ბულინგი და შეურაცხყოფა.
დღეს ისეთ უკიდურეს მდგომარეობამდე ვართ მისული, რომ თუ ეს პროცესი არ შეჩერდა, სრული კატასტროფა იქნება. ამიტომ აუცილებლად უნდა მოხდეს მსგავსი პრეცენდეტების აღმოფხვრა და იმედი მაქვს, რომ ეს სამმართველო სათანადოდ დაარეგულირებს ამ ყველაფერს.
ზღვარი სწორედ აქ გადის — სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს ლანძღვა-გინებისა და შეურაცხყოფის უფლებას“, – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.


