გიორგი ახვლედიანი: „სისტემური დანაშაულია, როდესაც სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი დანაშაულს სჩადის, ხოლო მთელი სისტემა, მისი დასჯის ნაცვლად, დამნაშავის დაცვას იწყებს და დაზარალებულს დამნაშავედ წარმოაჩენს. ხოლო როდესაც სამართალდამცველი უფლებამოსილებას გადაამეტებს და მეორე დღესვე დააკავებენ, ბრალს წარუდგენენ და გამოძიებას დაიწყებენ, ამას სისტემური დანაშაული კი არა, გამართული სამართლებრივი სისტემა ჰქვია“

35

„სისტემური დანაშაულია, როდესაც სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი დანაშაულს სჩადის, ხოლო მთელი სისტემა, მისი დასჯის ნაცვლად, დამნაშავის დაცვას იწყებს და დაზარალებულს დამნაშავედ წარმოაჩენს. ხოლო როდესაც სამართალდამცველი უფლებამოსილებას გადაამეტებს და მეორე დღესვე დააკავებენ, ბრალს წარუდგენენ და გამოძიებას დაიწყებენ, ამას სისტემური დანაშაული კი არა, გამართული სამართლებრივი სისტემა ჰქვია“, – ამის შესახებ მედია პოლიტიკის ექსპერტმა გიორგი ახვლედიანმა გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

„მათთვის მთავარია დააბრალონ სხვას ის, რაშიც თავად არიან დამნაშავეები. ყველამ ვიცით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულები და ერთ-ერთი კრებითი ტერმინი ამ მიმართულებით სწორედ „სისტემური დანაშაულია“.

ყველამ იცის, რომ ეს ტერმინი ქართულ მეტყველებაში „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შედეგად დამკვიდრდა — მანამდე მას ფართოდ არ იყენებდნენ. ახლა კი, როდესაც ისინი ვერ ახერხებენ, რომ მათი „კონკურენტი“ ხელისუფლება აიძულონ ისეთი შეცდომები დაუშვას, რაც სისტემური დანაშაულის მინიმალურ ნიშნებს მაინც შექმნიდა, მათ მხოლოდ ერთი გზა რჩებათ: მაქსიმალურად მოახდინონ კონკრეტული შემთხვევების ჰიპერბოლიზაცია. მაგალითად, ძალაუფლების შესაძლო გადამეტებას დაარქვან სისტემური დანაშაული და შეეხადონ დღევანდელი ხელისუფლებაც რამენაირად „გასვარონ“ ამაში.

სისტემური დანაშაული კონკრეტული ტერმინია. რადგანაც ის ქართულ საჯარო დისკურსში დიდი ხნის წინ არ დამკვიდრებულა, ბევრმა შესაძლოა მისი ზუსტი მნიშვნელობა არც იცოდეს. მარტივად რომ ავხსნათ, სისტემური დანაშაული არის შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო ძალაუფლების მქონე პირი ან უწყების წარმომადგენელი ჩადის დანაშაულს, ეს ფაქტი საჯარო ხდება, ხოლო მთელი სისტემა დამნაშავის დასჯის ნაცვლად მის დაცვას იწყებს, დაზარალებულს კი დამნაშავედ წარმოაჩენს.

პირველი ასეთი გახმაურებული შემთხვევა ბუტა რობაქიძის საქმე იყო, როდესაც 20 წლის ახალგაზრდა მოკლეს, შემდეგ კი, ბრალდებულების დასაცავად, საქმეში იარაღის „ჩადების“ ვერსია გაჩნდა და მთელი სისტემა — პარლამენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მერია და მთავრობა — ფაქტობრივად ამ პროცესში ჩაერთო და ხელს აფარებდა დამნაშავე პოლიციელებს. ეს ყველაფერი რომ შერჩათ, გათამამდნენ, გათავხედდნენ და შემდეგ მოჰყვა გირგვლიანის საქმე. გირგვლიანს კიდევ მოჰყვა ქუჩაში მოკლული 150 უდანაშაულო ადამიანის საქმე.

როდესაც ეს ყველაფერი საჯარო გახდა და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, იმის ნაცვლად, რომ სისტემა შეცვლილიყო და დამნაშავეები დასჯილიყვნენ, პირიქით — დაიწყო მათი დაცვა. საბოლოოდ მაინც მოუწიათ ციხეში რამდენიმე ადამიანი ჩაესვათ, მაგრამ მოახერხეს ის, რომ პროცესის დროს კანონი შეცვალეს და ამით დაჭერილებს სასჯელი გაუნახევრეს.

სწორედ ეს არის სისტემური დანაშაული, ხოლო ის, რომ პოლიციელი გადაამეტებს თავის უფლებამოსილებას, რაც მოხდა გორში, მაგრამ მეორე დღესვე ამ პოლიციელებს დააკავებენ, წარუდგენენ ბრალს და საგამოძიებო პროცესსაც გაატარებენ საპატიმროში, ამას სისტემური დანაშაული კი არა, გამართული, სამართლებრივი სისტემა ჰქვია. არ არსებობს ქვეყანა, სადაც მსგავსი გადაცდომები საერთოდ არ ხდება. ამიტომაც, ზღაპრები ისევ ერთმანეთს მოუყვნენ“, – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.