ირაკლი ქადაგიშვილი აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: „ჩვენ კარგა ხანია ჩვენი საგარეო პარტნიორებისგან ასეთი ობიექტური, კონსტრუქციული და თანამშრომლობაზე ორიენტირებული განცხადებები არ მოგვისმენია. აქამდე ძირითადად კეთდებოდა პოლიტიკურად მიკერძოებული და იდეოლოგიური კლიშეებით შეზღუდული განცხადებები, რომლებსაც არაფერი ჰქონდათ საერთო საქართველო-ამერიკის ეროვნულ ინტერესებთან“

23

„ჩვენ კარგა ხანია ჩვენი საგარეო პარტნიორებისგან ასეთი ობიექტური, კონსტრუქციული და თანამშრომლობაზე ორიენტირებული განცხადებები არ მოგვისმენია. აქამდე ძირითადად კეთდებოდა პოლიტიკურად მიკერძოებული და იდეოლოგიური კლიშეებით შეზღუდული განცხადებები, რომლებსაც არაფერი ჰქონდათ საერთო საქართველო-ამერიკის ეროვნულ ინტერესებთან“, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოში სახდეპის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით ამერიკის საელჩოს განცხადების შეფასებისას განაცხადა.

„ეს მართლაც ის შემთხვევაა, რომელიც ქმნის მყარ საფუძველს დიალოგის შემდგომი გაღრმავებისთვის, რათა მიღწეულ იქნეს ის მიზნები, რომლებიც აღნიშნულ განცხადებაშია დასახული. ქართული მხარე ყოველთვის ვსაუბრობდით იმაზე, რომ მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ სტრატეგიული თანამშრომლობის განახლება.

აღსანიშნავია ისიც, რომ განცხადებაში ხაზგასმულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა სუვერენიტეტი, ურთიერთპატივისცემა, ნდობა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინება. ეს ყველაფერი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და სწორედ ამ პრინციპებზე აპელირებდა ყოველთვის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. მიუხედავად ამისა, აღნიშნული მიდგომა ხშირად უსაფუძვლო კრიტიკისა და თავდასხმების ობიექტი ხდებოდა. ისმოდა კითხვები, თუ როგორ ვბედავდით საერთაშორისო არენაზე, დიდ სახელმწიფოებთან — იქნება ეს ევროკავშირი თუ ამერიკის შეერთებული შტატები — სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებზე საუბარს. მათი აზრით, ყველა რჩევასა და რეკომენდაციას უპირობოდ უნდა გავყოლოდით, წინააღმდეგ შემთხვევაში „რუსეთი შეგვჭამდა“.

თუმცა აღმოჩნდა, რომ დღევანდელ მსოფლიოში ასეთი შეხედულება მხოლოდ აგენტომანიით შეპყრობილ ადამიანს თუ შეიძლება ჰქონდეს. რეალობა ისაა, რომ ყველა სახელმწიფო, მეტ-ნაკლებად, ცდილობს საკუთარი სუვერენიტეტის გაძლიერებას და სწორედ ამ საფუძველზე ავითარებს საერთაშორისო თანამშრომლობას ისე, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესები მაქსიმალურად დაიცვას.

საინტერესოა ასევე ის ცალკე აბზაცი, რომელიც ოპოზიციას ეძღვნება. მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ოპოზიციის მისამართით არის ის, რომ პოლიტიკა, რომელსაც ოპოზიცია მთელი ამ წლების განმავლობაში ატარებდა, ფაქტობრივად, კონტრპროდუქტიულად არის შეფასებული. სწორედ ამიტომ კეთდება მოწოდება, რომ ოპოზიციის ჩართულობა სახელმწიფო საქმიანობაში და ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანია, მათ შორის საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გაღრმავებისთვისაც.

ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა ურთიერთვაჭრობის, ინვესტიციებისა და სხვა ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. შესაბამისად, ის, რასაც ოპოზიცია ამტკიცებდა — „არა არჩევნებს, გაუმარჯოს რევოლუციას, გადატრიალებასა და გადმოტრიალებას“ — იმ პოლიტიკური კურსის ფონზე, რომელსაც დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ატარებს, პრაქტიკულად არც აღქმადი და არც მხარდაჭერილია.

რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა პოლიტიკურ დონეზე კვლავ რჩებიან ძალები, მათ შორის იმ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, რომლებიც ჯერ კიდევ ძველ ნარატივს, ჯო უილსონის ნარატივს, მიჰყვებიან. თუმცა ვხედავთ, რომ ამას საერთო არაფერი აქვს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ოფიციალურ პოზიციასთან“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.