„ამ ადამიანების პოლიტიკური მიზანი ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა. შესაბამისად, ნებისმიერი განცხადება — მიუხედავად იმისა, თუ ვისგან მოდის — რომელიც ამ „მანტრას“, ანუ ძალაუფლების ხელში ჩაგდების იდეას ეწინააღმდეგება, მათთვის მიუღებელია და მისი ავტორის მიმართ შეუძლიათ ნებისმიერი შეფასების გამოყენება. ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელიც მოგვიანებით თავადვე წაშალა“, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა რადიკალური ოპოზიციის ანტიამერიკულ რიტორიკაზე საუბრისას.
„ზოგადად ცნობილია, რომ ადამიანებს ხშირად ადარებენ ძლიერ და ჰეროიკულ ცხოველებს — ლომს, ხარს, მგელს. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი არ ყოფილა იმაზე, რომ ვინმე ხარივით ძლიერი პოლიტიკოსია. აქ ხაზგასმული იყო ვიზუალური მსგავსება და არა შინაარსობრივი შედარება. ამიტომ ეს ყველაფერი საკმაოდ მარტივად იშიფრება. ალბათ სწორედ ამიტომაც ააღებინეს საბოლოოდ ის პოსტი — უთხრეს, რომ სანამ ეს „ხარი“ ბოლომდე შემოუტრიალდებოდა, აჯობებდა პოსტის წაშლა.
ოპოზიციის ასეთი დამოკიდებულება გასაგებია. ამის ერთ-ერთი გამოვლინება იყო ის კამპანია, რომელიც „ჰადსონის ინსტიტუტში“ კანდელაკმა, ჯო უილსონმა და მათმა თანამოაზრეებმა საქართველოს წინააღმდეგ აწარმოეს, როდესაც პირდაპირ და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ადანაშაულებდნენ საქართველოს ირანის რეჟიმთან თანამშრომლობასა და ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში.
ეს ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ ამერიკულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში საქართველოს მიმართ პოზიტიური დისკუსიისა და თანამშრომლობისთვის ხელსაყრელი გარემო გარკვეულწილად შეფერხებულიყო.
ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ჯგუფების განცხადებები ამერიკული დელეგაციის ვიზიტის პერიოდში და ვიზიტის შემდეგ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც დელეგაციამ საქართველოს მიმართ აშკარად პოზიტიური დამოკიდებულება დააფიქსირა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.


