ირაკლი ქადაგიშვილი მელია-სააკაშვილის დაპირისპირებაზე: „საქმე გვაქვს როგორც პიროვნული ამბიციებისა და ეგოების შეჯახებასთან, ისე იმ დესტრუქციული პოლიტიკის შედეგებთან, რომელიც წლების განმავლობაში მარცხდებოდა და საბოლოოდ თვითდაზიანებისა და თვითგანადგურების რეჟიმში გადავიდა“

28

„საქმე გვაქვს როგორც პიროვნული ამბიციებისა და ეგოების შეჯახებასთან, ისე იმ დესტრუქციული პოლიტიკის შედეგებთან, რომელიც წლების განმავლობაში მარცხდებოდა და საბოლოოდ თვითდაზიანებისა და თვითგანადგურების რეჟიმში გადავიდა“, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ნიკა მელიას და მიხეილ სააკაშვილს შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

„ამ დაპირისპირების ორი მიზეზი არსებობს. პირველი უფრო ფართო კონტექსტში უნდა განვიხილოთ. „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული ჯგუფები რეალურად მხოლოდ დესტრუქციული პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებდნენ. მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით ხელისუფლებიდან წასვლა მოუწიათ, ისინი მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციული დღის წესრიგით ხელმძღვანელობდნენ. თუმცა ეს დესტრუქციული პოლიტიკა ყოველ ჯერზე მარცხდებოდა ქართველი ხალხის მიერ არჩევნებში გამოხატულ ნებასთან.

შედეგად, არჩევნებიდან არჩევნებამდე, წლიდან წლამდე, ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ დესტრუქციული პროცესების მუდმივმა გაღვივებამ საბოლოოდ თავად ამ პოლიტიკურ ძალაში გამოიწვია ეროზიის, დაშლის, დეგრადაციისა და საზოგადოებრივი მიუღებლობის პროცესი.

რა თქმა უნდა, აქ პიროვნული ფაქტორებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილის ეგო პრაქტიკულად უსაზღვროა და მას უჭირს შეეგუოს იმ აზრს, რომ მის პარტიაში ვინმემ, მისგან დამოუკიდებლად, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოს. შესაბამისად, ეს დამოკიდებულება არავის აძლევს შესაძლებლობას, თუნდაც მცირედით განსხვავებული პოლიტიკური კურსი გაატაროს.

აქედან გამომდინარე, საქმე გვაქვს როგორც პიროვნული ამბიციებისა და ეგოების შეჯახებასთან, ისე იმ დესტრუქციული პოლიტიკის შედეგებთან, რომელიც წლების განმავლობაში მარცხდებოდა და საბოლოოდ თვითდაზიანებისა და თვითგანადგურების რეჟიმში გადავიდა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.