„ელემენტარული ეთიკის საკითხია, რომ უშვერი სიტყვები, ლანძღვა-გინება, ბულინგი, წყევლა და შეურაცხყოფა მიუღებელია. ეს არა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესს აზიანებს, არამედ მთლიანად საზოგადოებრივ ურთიერთობებს და თითოეული ადამიანის ფსიქიკასაც“, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შესახებ საუბრისას განაცხადა.
„ყველას აქვს უფლება, მოსწონდეს ან არ მოსწონდეს რომელიმე პოლიტიკოსი, პოლიტიკური პარტია ან კონკრეტული მოვლენა გააკრიტიკოს ქვეყანაში — შესაძლოა ეს კრიტიკა საკმაოდ მძაფრიც იყოს. თუ ადამიანს საკმარისი ნიჭი აქვს, რომ ამ კრიტიკას პამფლეტის სახე მისცეს და იუმორით გამოხატოს, ეს ბევრად უფრო მარტივად და მახვილგონივრულად მიაღწევს აუდიტორიის გონებამდე.
თუმცა ელემენტარული ეთიკის საკითხია, რომ უშვერი სიტყვები, ლანძღვა-გინება, ბულინგი, წყევლა და შეურაცხყოფა მიუღებელია. ეს არა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესს აზიანებს, არამედ მთლიანად საზოგადოებრივ ურთიერთობებს და თითოეული ადამიანის ფსიქიკასაც.
ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთის მიმართ აზრის გამოხატვისას თავი ავარიდოთ ყველაზე მდაბიო და შეურაცხმყოფელ ფორმებს. ეს არის ელემენტარული ადამიანობის საკითხი და მას არანაირი კავშირი არ აქვს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.


