„ჩვენ ვნახეთ, როგორ გადაიზარდა საყოველთაო ზეიმი, რომელიც ხალხის გამაერთიანებელი უნდა ყოფილიყო, მასობრივ დაპირისპირებაში. ეს არის იმ დაავადების ერთ-ერთი სიმპტომი, რომლითაც ევროკავშირი „დააინფიცირეს“. ეს არ არის შემთხვევითი და ამის მიზეზი ისაა, რომ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს დღეს გარედან დანიშნული და გარედან მართული პოლიტიკური ელიტები მართავენ“ — ვატო შაქარიშვილი PSG-ის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვების შემდეგ საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებზე

28

„ჩვენ ვნახეთ, როგორ გადაიზარდა საყოველთაო ზეიმი, რომელიც უნდა ყოფილიყო ხალხის გამაერთიანებელი, მასობრივ დაპირისპირებაში და ზარალი ათეულობით მილიონ ევროს შეადგენს. ეს არის იმ დაავადების ერთ-ერთი სიმპტომი, რომლითაც დააინფიცირეს ევროკავშირი. ეს არ მომხდარა შემთხვევით და ამას აქვს კონკრეტული მიზეზები, რომლის სათავეც იქიდან მომდინარეობს, რომ ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს დღეს გარედან დანიშნული და გარედან მართული პოლიტიკური ელიტები მართავენ“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა , ვატო შაქარიშვილმა, PSG-ის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვების შემდეგ საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

„დიდი ხანია ვსაუბრობთ ფაქტებით, არგუმენტებით, ციფრებითა და მონაცემებით იმაზე, რომ ევროკავშირში დღეს შეინიშნება რეგრესი, დეკადანსი და, ზოგადად, ეს გაერთიანება ყველა მიმართულებით განიცდის დეგრადაციას.

ის მოვლენები, რაც პარიზში და მთლიანად საფრანგეთში განვითარდა, არის კიდევ ერთი ილუსტრაცია იმისა, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ევროპაში ყველაფერი უკან მიდის. იმ თავსმოხვეული პოლიტიკის შედეგად, რომელიც განსაკუთრებით ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ღრმად დაინერგა ევროკავშირში ბრიუსელის ბიუროკრატიისა და წევრი ქვეყნების ხელისუფლებების მიერ და რომელსაც ემსახურება მმართველი პოლიტიკური ელიტა, რომელიც აღარ გამოხატავს ევროპელი ხალხისა და მათი ქვეყნების ინტერესებს, არამედ ემსახურება „დიფ სთეითის“ ინტერესებს.

როდესაც „დიფ სთეითმა“ 2000-იანი წლების დასაწყისში ევროკავშირსა და ევროპულ სახელმწიფოებში მოიპოვა გავლენა პოლიტიკურ ელიტებზე, პოლიტიკურ სისტემებზე, მედიასაშუალებებზე და ღრმად შეაღწიეს ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებში, დაიწყო სამი ძირითადი მიმართულების გატარება: პირველი — ლგბტ იდეოლოგიის გაძლიერება და მისით ტრადიციული რელიგიების, მათ შორის ქრისტიანობის, ჩანაცვლება; მეორე — უკონტროლო მიგრაცია, რომელიც მიზნად ისახავდა ერების იდენტობის მოშლას; მესამე — ე.წ. მწვანე პოლიტიკა, რომელმაც ევროპული ინდუსტრია და ეკონომიკა მძიმე შედეგებამდე მიიყვანა.

აი, ამ სამი ძირითადი მიმართულებით ორი ათწლეულის განმავლობაში ინტენსიურმა მუშაობამ გამოიღო ძალიან მძიმე შედეგები და ევროკავშირი, ეკონომიკური, პოლიტიკური, ღირებულებითი და დემოკრატიული სისტემების თვალსაზრისით, დღეს განიცდის დეგრადაციას და დგას ცივილიზაციური კრიზისის წინაშე. შესაბამისად, საფრანგეთში მომხდარი ინციდენტი არ არის მხოლოდ კონკრეტულ სპორტულ მიღწევაზე ბუნებრივი რეაქცია, არამედ სერიოზული კრიზისის მიმანიშნებელია.

კონტრასტისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ აღნიშნავდა 1998 წელს ფრანგი ხალხი საკუთარი საფეხბურთო გუნდის წარმატებას და შევადაროთ 2018 წლიდან მსგავს მოვლენებს, რომლებიც ხშირად მასობრივ არეულობაში გადაიზრდება ხოლმე: იწვის და ნადგურდება ქონება, ილეწება მაღაზიები და ხდება ძალადობრივი ინციდენტები. ბოლო ასეთი შემთხვევის დროს, მაგალითად, დაკავებულია დაახლოებით 800-მდე ადამიანი და დაშავებულია ათობით პირი, მათ შორის პოლიციელები.

ეს აჩვენებს, რომ რეგრესმა და თავსმოხვეულმა პოლიტიკამ საზოგადოებრივ დონეზეც მიაღწია და ამგვარ მოვლენებზე საზოგადოება უკვე განსხვავებულად რეაგირებს.
აღსანიშნავია, რომ მსგავს ქმედებებს ხშირად მიგრანტები სჩადიან, როგორც მოგეხსენებათ, არალეგალური მიგრაცია საფრანგეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად ითვლება ევროპის მასშტაბით. შედეგად, ფრანგი მოქალაქის ყოველდღიური ცხოვრება აღარ არის უსაფრთხო.

აქედან გამომდინარე, როდესაც გვეუბნებიან, რომ ევროპაში გვინდა უსაფრთხოების, სოციალური გარანტიებისა და კეთილდღეობის გამო, სინამდვილეში ვხედავთ საპირისპირო ტენდენციებს. ოფიციალური მონაცემებით, მათ შორის „ევროსტატის“ მონაცემებით, მაშინ როდესაც 2008 წელს ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტი გლობალური მშპ-ის დაახლოებით 27%-ს შეადგენდა, დღეს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 14%-მდეა შემცირებული. ამავე დროს, ეს ტენდენცია შესაძლოა გაგრძელდეს, რადგან ევროკავშირი დგას ენერგორესურსების, განსაკუთრებით იაფი ელექტროენერგიის დეფიციტის წინაშე, ხოლო პარალელურად იზრდება სამხედრო ხარჯები და უკრაინის ომის დაფინანსება, რაც დამატებით ტვირთად აწვება ეკონომიკას“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.