ვატო შაქარიშვილი: „ლგბტ იდეოლოგია, გარყვნილება, ინდოქტრინაცია საგანმანათლებლო სისტემაში, ყველანაირი ღირებულებითი და მორალური საყრდენის მოშლა — აი, ეს არის დღეს ევროკავშირი და ჩვენ გვეუბნებიან, რომ სწორედ ამ „ოჯახში“ უნდა გავწევრიანდეთ“

33

„ლგბტ იდეოლოგია, გარყვნილება, ინდოქტრინაცია საგანმანათლებლო სისტემაში, ყველანაირი ღირებულებითი და მორალური საყრდენის მოშლა — აი, ეს არის დღეს ევროკავშირი და ჩვენ გვეუბნებიან, რომ სწორედ ამ „ოჯახში“ უნდა გავწევრიანდეთ“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა ევრობიუროკრატიაზე საუბრისას განაცხადა.

„არ არსებობს არანაირი ევროპული ოჯახი. საერთოდ, საერთაშორისო პოლიტიკაში მსგავსი „ოჯახები“ არ არსებობს. ეს თავიდანვე ილუზია იყო. ოჯახები, კავშირები, გაერთიანებები თუ თანამეგობრობები მთავარი არ არის — უპირველესი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესებია. სწორედ ეს უნდა ვთქვათ და ეს უნდა გავაჟღეროთ. როდემდე უნდა ვიცხოვროთ ამ ევროილუზიაში? დროა, თავი დავანებოთ ამ ყბადაღებულ ევროინტეგრაციაზე საუბარს და ჩვენს ქვეყანას მივხედოთ.

ჩვენი საგარეო პოლიტიკა ილუზიებიდან უნდა გამოვიდეს და არსებულ პოლიტიკურ რეალობას შეხედოს. ეს რეალობა, მათ შორის, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაშიც არის ასახული — რომ აღარ იარსებებს ერთი ჰეგემონის მსოფლიო და მის ნაცვლად მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი ჩამოყალიბდება.
ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ თანამშრომლობისთვის მზად ვართ ყველასთან და ყველა მიმართულებით, მაგრამ საქართველო არასოდეს გახდება დიდი მოთამაშეებისა და დიდი ძალების დაპირისპირების პოლიგონი. სწორედ ამას ნიშნავს ნეიტრალიტეტი — ჩვენ არ დავიკავებთ რომელიმე მხარეს, არამედ ვიქნებით ინტერესთა თანხვედრის, თანამშრომლობისა და დიალოგის სივრცე“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.