შალვა პაპუაშვილი პარტიების აკრძალვის შესახებ: “პოლიტიკურად მიზანშეუწონელია, რომ ანტიკონსტიტუციური პარტია არსებობდეს”

25

“პოლიტიკურად მიზანშეუწონელია, რომ ანტიკონსტიტუციური პარტია არსებობდეს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან, პარტიების აკრძალვის შესახებ საუბრისას.

„პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ჩვენ არანაირი გადაწყვეტილება არც არასდროს მიგვიღია და ვერც ვერასდროს მივიღებთ. ჩვენ გვაქვს მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული პარტიები არიან ანტიკონსტიტუციური პარტიები და ჩვენი კონსტიტუცია გვეუბნება, რომ თუკი პარტია არის ანტიკონსტიტუციური, იგი არ უნდა არსებობდეს. ამიტომ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ განსაჯოს ჩვენი და მოსახლეობის უმეტესობის აზრი. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო.

ჩვენ, 1 120 000-მა ადამიანმა მოგვცა მანდატი, რომ მიგვემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. ასე რომ, ამ სარჩელის უკან დგანან არა „ქართული ოცნების“ ან პარლამენტის გარკვეული წევრები, არამედ 1 120 000 ადამიანის სარჩელია ეს კონკრეტულ პარტიებთან დაკავშირებით. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პარტია არის ანტიკონსტიტუციური, ასეთი პარტია უნდა არსებობდეს?! ვნახოთ, სასამართლო ამ მხრივ რა გადაწყვეტილებას მიიღებს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.