„ეს აქტივისტები, რომლებიც უკიდურესად დიდ შეცდომაში შეიყვანეს იმ „ნაცვირთხებმა“ და „პოლიტიკანებმა“, რომლებიც არწმუნებდნენ, თითქოს პრეზიდენტის სასახლეს აიღებდნენ, ხელისუფლება ჩამოიქცეოდა, მათი დაკავების შემთხვევაში კი მძიმე სასჯელი არ დაემუქრებოდათ, საბოლოოდ მიხვდნენ, რომ ეს ყველაფერი ბლეფი იყო და ისინი უბრალოდ ერთჯერად ინსტრუმენტებად გამოიყენეს“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ 2025 წლის 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებული მოვლენების ეპიზოდზე დაკავებული 7 ბრალდებულისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„აქ ორი მომენტია: პირველი ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ ჰუმანური მოსაზრებებიდან გამომდინარე და არა ძალადობრივი და ჯალათური მიდგომით, როგორც ეს „ნაცრეჟიმს“ ახასიათებდა, მზად იყო განეხილა თითოეული იმ აქტივისტის საქმე, რომელიც ამ გაუგებრობაში აღმოჩნდა.
დიახ, გაუგებრობაში, რადგან ეს აქტივისტები, რომლებიც უკიდურესად დიდ შეცდომაში შეიყვანეს იმ „ნაცვირთხებმა“ და „პოლიტიკანებმა“, რომლებიც არწმუნებდნენ, თითქოს პრეზიდენტის სასახლეს აიღებდნენ, ხელისუფლება ჩამოიქცეოდა, მათი დაკავების შემთხვევაში კი მძიმე სასჯელი არ დაემუქრებოდათ, მოხდებოდა მათი ჰეროიზაცია, გმირებად იქცეოდნენ და საპყრობილეში აღმოჩენის შემთხვევაშიც უდიდესი საგარეო და საშინაო მხარდაჭერა ექნებოდათ, საბოლოოდ მიხვდნენ, რომ ეს ყველაფერი ბლეფი იყო. ისინი უბრალოდ ერთჯერად ინსტრუმენტებად გამოიყენეს.
როდესაც ამ ახალგაზრდებმა გააცნობიერეს, რომ აზრი არ ჰქონდა ბრძოლას იმ ცრუ იდეალებისთვის, რასაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია, ეს სექტანტური მიმდინარეობა საქართველოს წინააღმდეგ, პირველ ეტაპზე შვიდმა ახალგაზრდამ დაიწყო – მოინანია. სახელმწიფო მათი ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს და აცხადებს, რომ ზოგიერთ მათგანს გაათავისუფლებენ, ზოგს კი შესაძლოა პირობითი სასჯელი შეეფარდოს. სახელმწიფო ამ ადამიანებს ცხოვრებას არ უნგრევს და ეს სხვებისთვისაც მაგალითი უნდა იყოს.
თუმცა, არავინ უნდა ჩათვალოს, რომ ეს პრეცედენტს შექმნის და თუ ვინმე რაიმეს დააშავებს, შემდეგ ინდულგენციას მიიღებს და პასუხისმგებლობას თავიდან აიცილებს. ახალგაზრდულ ასაკში სისხლი ჩქეფს, რადიკალური იდეები და ქმედებები უფრო ადვილად იზიდავს ადამიანს, მარტივია სხვის მახეში გაბმა. ამიტომ არ უნდა მოვთხოვოთ ამ ყმაწვილებს, რომ სიღრმისეულად ერკვეოდნენ პოლიტიკურ პროცესებსა და იმ სიმყრალეში, რაც „ნაცსექტაში“ არსებობს.
შესაბამისად, მათ გაიაზრეს საკუთარი შეცდომები. ოჯახის წევრებმაც ურჩიეს, რომ არ ღირს ამ ადამიანების გვერდით დგომა, არ ღირს ეს „აკაცუკობა“, ვითომ მიუღებლობა, არ აღიარება და ასე შემდეგ. შესაბამისად, ამ ახალგაზრდებმაც მოინანიეს თავიანთი ქმედებები.
ამიტომ ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ჰუმანური ნაბიჯი და არა ისეთი სისტემური სადამსჯელო ოპერაცია, როგორიც სააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმის დროს არსებობდა, როდესაც უდანაშაულოსაც და დამნაშავესაც ერთნაირად ატარებდნენ იმ „ხორცსაკეპ მანქანაში“, რასაც მაშინდელი ციხე წარმოადგენდა.
ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ ამ ქვეყანაში არსებობს დემოკრატია, სამართლიანობა და კანონის უზენაესობა. კანონს ყველა ემორჩილება და თუ ვინმე დანაშაულს ჩაიდენს, ეს არ შერჩება. ყველას მოვუწოდებ, არ გაებან მზაკვრულ და ავანტიურისტულ ხრიკებში. უმჯობესია, ახალგაზრდებმა საკუთარ განათლებას, კარიერასა და პირად ცხოვრებას მიხედონ“, – განაცხადა გია აბაშიძემ.


