თორნიკე ჭეიშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების მხრიდან დანაშაულის აღიარებაზე: „იმის მოლოდინი, რომ ამ კონკრეტული ფაქტის შემდეგ ბრიუსელი საკუთარ რიტორიკას გადახედავს, მკაფიოდ გაემიჯნება ძალადობრივ პროტესტს და 4 ოქტომბრის მოვლენებს სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალების მცდელობად შეაფასებს, ძალიან მცირეა“

31

„იმის მოლოდინი, რომ ამ კონკრეტული ფაქტის შემდეგ ბრიუსელი საკუთარ რიტორიკას გადახედავს, მკაფიოდ გაემიჯნება ძალადობრივ პროტესტს და 4 ოქტომბრის მოვლენებს სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალების მცდელობად შეაფასებს, ძალიან მცირეა“ , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა, 2025 წლის 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებული მოვლენების საქმეზე დაკავებული 7 ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში რაიმე არსებითი მოლოდინი უნდა გვქონდეს, რადგან თავიდანვე უმარტივესად დასაინდენტიფიცირებელი იყო და შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა, რასთან გვქონდა საქმე.

ნაცვლად იმისა, რომ ევრობიუროკრატიისა და ბრიუსელის მხრიდან გაკეთებულიყო განცხადებები, რომლებიც თუნდაც ამ რადიკალურ ჯგუფებს წესრიგის დაცვისა და პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვისკენ მოუწოდებდა, როგორც მოვლენების მიმდინარეობის პერიოდში, ისე შემდგომ გაკეთდა განცხადებები, რომლებიც, პირიქით, ცეცხლზე ნავთის დასხმას ემსახურებოდა და, შეიძლება ითქვას, დამატებით სტიმულსა და მხარდაჭერას აძლევდა ამ რადიკალურ ჯგუფებს, რათა მათ თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი მიზნები სისრულეში მოეყვანათ.

აქედან გამომდინარე, იმის მოლოდინი, რომ ამ კონკრეტული ფაქტის შემდეგ ბრიუსელი საკუთარ რიტორიკას გადახედავს, მკაფიოდ გაემიჯნება ძალადობრივ პროტესტს და 4 ოქტომბრის მოვლენებს სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალების მცდელობად შეაფასებს, ძალიან მცირეა“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.