თორნიკე ჭეიშვილი: „ქართული სასამართლო სისტემა საკმაოდ მაღალ პოზიციებზეა როგორც ევროკავშირის წევრ, ისე კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით. ამ მხრივ საქართველო არაერთ მნიშვნელოვან მაჩვენებელში ლიდერ პოზიციებს იკავებს“

28

„თუ გადავხედავთ საერთაშორისო შეფასებებსა და რეიტინგებს, ვნახავთ, რომ ქართული სასამართლო სისტემა საკმაოდ მაღალ პოზიციებზეა როგორც ევროკავშირის წევრ, ისე კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით. ამ მხრივ საქართველო არაერთ მნიშვნელოვან მაჩვენებელში ლიდერ პოზიციებს იკავებს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა „ჩენდლერის ინსტიტუტის“ კვლევის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„რადიკალური ჯგუფების მხრიდან სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ წარმოებულ ანტიპიარს კონკრეტული მიზნები ჰქონდა. ჩვენ კარგად გვახსოვს ერთ-ერთი ცნობილი ინიციატივა, რომელიც ე.წ. ვეტინგის ინსტიტუტის დანერგვას და ამ მექანიზმის ქართულ რეალობაში შემოღებას გულისხმობდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ქართველი მოსამართლეების საქმიანობა, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, კვალიფიკაცია, კეთილსინდისიერება და სხვა საკითხები გარე ძალების შეფასებისა და შესწავლის საგანი უნდა გამხდარიყო. თუმცა ამის მიღმა სასამართლო სისტემის პირდაპირი უზურპაციის სურვილი იკითხებოდა.

როდესაც ისინი დარწმუნდნენ, რომ ამ მიზნის მიღწევა ვერ ხერხდებოდა და სახელმწიფომ ამ საკითხში პრინციპული პოზიცია დაიკავა, სწორედ ამის შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდნენ სასამართლო ხელისუფლების მიმართ კრიტიკული და, ამავდროულად, უსამართლო განცხადებებით.

რაც შეეხება რეიტინგებს, არსებობს, მაგალითად, ჩენდლერის ინსტიტუტის შეფასებები, ასევე მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის ინდექსები და სხვა მსგავსი საერთაშორისო რეიტინგები. თუ ამ მონაცემებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ქართული სასამართლო სისტემა საკმაოდ მაღალ პოზიციებზეა როგორც ევროკავშირის წევრ, ისე კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით. ამ მხრივ საქართველო არაერთ მნიშვნელოვან მაჩვენებელში ლიდერ პოზიციებს იკავებს.

თუმცა, ერთია ობიექტური და გაზომვადი კრიტერიუმები, შესაბამისი ინდექსები და რეიტინგები, და მეორეა აღქმები, სურვილები და პოლიტიკური მიზნები. თუ დავუბრუნდებით იმ მიზანს, რომელიც რადიკალურ ჯგუფებს სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიმართულებით ჰქონდათ, უფრო გასაგები ხდება ყველაფერი, რასაც წლების განმავლობაში ვხედავდით და ვისმენდით მოსამართლეებისა და სასამართლო სისტემის მიმართ.

ჩვენ გვახსოვს მოსამართლეების დასანქცირების შემთხვევები, ასევე შემთხვევები, როდესაც მოსამართლეებს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო ანგარიშს სთხოვდნენ. გვახსოვს რამდენიმე სახელმწიფოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებიც, რომლებიც უშუალოდ ესწრებოდნენ სასამართლო პროცესებს, მაშინ როდესაც არც მართლმსაჯულების ენა და არც ქართული ენა არ ესმოდათ.

ეს ყველაფერი, ერთობლიობაში, გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ სასამართლო ხელისუფლებაზე გარე აქტორების მხრიდან ხორციელდებოდა მიზანმიმართული ზეწოლა, რომლის საბოლოო მიზანიც ამ სისტემაზე გავლენის მოპოვება და მისი კონტროლი იყო“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.