თორნიკე ჭეიშვილი პეტერ ფიშერზე: „მის ამ რამდენიმეწლიან „მოღვაწეობას“ თუ გადავავლებთ თვალს, შეიძლება ითქვას, რომ მან ნამდვილად „რეკორდი“ მოხსნა იმ თვალსაზრისით, რასაც არადიპლომატიური საქმიანობა ჰქვია“

29

„მის ამ რამდენიმეწლიან „მოღვაწეობას“ თუ გადავავლებთ თვალს, შეიძლება ითქვას, რომ მან ნამდვილად „რეკორდი“ მოხსნა იმ თვალსაზრისით, რასაც არადიპლომატიური საქმიანობა ჰქვია, “ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა გერმანიის ელჩზე, პეტერ ფიშერზე საუბრისას განაცხადა.

„ყველამ ვიცით, რომ ის თავისი ელჩობისა და დიპლომატიური კარიერის ბოლო დღეებს ითვლის და, როგორც თავადაც აღნიშნავს, პენსიაზე გასვლა უწევს.

თუ გადავავლებთ თვალს მის ამ რამდენიმეწლიან „მოღვაწეობას“, სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას, რომ მან ნამდვილად „რეკორდი“ მოხსნა იმ თვალსაზრისით, რასაც არადიპლომატიური საქმიანობა ჰქვია, დეზინფორმაციული განცხადებების გავრცელება, ასევე ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც, პირდაპირ ახდენს ექსტრემისტული განწყობების წახალისებას, სიძულვილის ენის კამპანიების გაფართოებასა და მათ ტირაჟირებას და ა.შ.

ალბათ, გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც დიპლომატიური სახელმძღვანელოები და დიპლომატიის ისტორიის მასალები დაიწერება, გერმანიის ამჟამინდელი ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი, იქ „საპატიო“ ადგილს დაიკავებს, როგორც ერთგვარი ანტიპოდი იმისა, თუ რა შეიძლება ეწოდებოდეს დიპლომატს და როგორ გააცამტვერა ამ ადამიანმა ერთი ხელის მოსმით ის მრავალწლიანი ურთიერთობა, რომელიც გერმანიასა და საქართველოს შორის 90-იანი წლებიდან ნაბიჯ-ნაბიჯ შენდებოდა.

სწორედ ამის გაგრძელებაა ის ფაქტიც, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ვერა და ვერ მოახერხეს ჩვენი პრეზიდენტის შესახებ ინფორმაციის განახლება. როგორც ჩანს, შესაბამისი უწყებები ამ საკითხში გარკვეულები არიან, თუმცა ქართველი ხალხის მიმართ ბრაზი და ელჩების ქმედებებთან დაკავშირებული ნეგატიური ფაქტორები მათ არ აძლევს გასაქანს, რომ ეს მარტივი ტექნიკური პროცედურა შეასრულონ.

იმედია, მომავალში შეიცვლება ელჩი და ქართულ-გერმანული ურთიერთობების წარმოჩენა სხვა, უფრო კონსტრუქციულ კონტექსტში მოხდება“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.