„სამწუხაროდ, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები მნიშვნელოვნად დააზიანა იმ აბსოლუტურად უსამართლო პოლიტიკამ და მიდგომებმა, რომლებიც მომდინარეობდა ბაიდენის ადმინისტრაციიდან, თუმცა ვხედავთ, რომ სიტუაცია იცვლება და ველოდებით კონკრეტულ ქმედებებს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაზე საუბრისას განაცხადა.
„სამწუხაროდ, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები მნიშვნელოვნად დააზიანა იმ აბსოლუტურად უსამართლო პოლიტიკამ და მიდგომებმა, რომლებიც მომდინარეობდა ბაიდენის ადმინისტრაციიდან, თუმცა ვხედავთ, რომ სიტუაციამ დაიწყო ცვლილება. თუ გავიხსენებთ იმ განცხადებას, რომელიც გავრცელდა საქართველოში ამერიკის საელჩოს მხრიდან სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტთან დაკავშირებით, მასში შემოთავაზებული იყო ისეთი თემები, როგორიცაა ღირებულებების თანხვედრა, ურთიერთობების ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნება, თანასწორუფლებიანობა და ორმხრივი სარგებლის მიღებაზე ორიენტირება და ა.შ. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ამას არ დაეთანხმო — ეს არის კარგი წასაკითხი და მოსასმენია.
ამის შემდეგ ჩვენ უკვე ველოდებით კონკრეტულ ქმედებებს, რაც მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება ამ ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში. როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა, ურთიერთობების გადატვირთვას შესაძლოა სტიმული მისცეს და ერთგვარ კატალიზატორად იქცეს უსამართლო დამოკიდებულების სამართლიანი და ადეკვატური მიდგომით შეცვლამ, რისი მოლოდინიც არსებობს.
ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, როგორ განვითარდება ეს კომუნიკაცია. ის გზავნილი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ გაუჟღერებია, ბუნებრივია, ძალაში რჩება და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის კონკრეტული გზამკვლევით ჩვენ მზად ვართ და ველოდებით სამართლიან დამოკიდებულებას შეერთებული შტატების მხრიდან.
იყო ერთი პასაჟიც ტრაექტორიის ცვლილებასთან დაკავშირებით და მინდა საზოგადოებამ ეს სწორად გაიგოს. ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული ის გეზი და ტრაექტორია, რომლისკენაც ჩვენი ხელისუფლება მოძრაობს — ეს არის უპირველესად ჩვენი საზოგადოების, ქართველი ერის სასიკეთო გზა, და ვერავითარი ძალა ამ ტრაექტორიიდან ვერ გადაგვახვევინებს“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.


