აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოს შესახებ: “სამწუხაროა, რომ უკანასკნელ წლებში ჩვენს ქვეყანებს შორის ურთიერთობები იმდენად ახლო არაა, როგორც ვისურვებდი. ეროვნულ დღეებს იშვიათად ვესწრები. ამრიგად, როდესაც ვესწრები, ეს არის სიმბოლო ჩვენი სურვილის, დავათბოთ ურთიერთობები”

17

“ვფიქრობ, ჩვენს ხალხებს ბევრი საზიარო რამ გააჩნიათ – მაგალითად, ღირსების შეგრძნება, ეროვნული ღირსება და, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ქვეყნის სუვერენიტეტის რწმენა. სამწუხაროა, რომ უკანასკნელ წლებში ჩვენს ქვეყანებს შორის ურთიერთობები იმდენად ახლო არაა, როგორც ამას ვისურვებდი…ყველა იმ საკითხის გათვალისწინებით, რაც ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე კრისტოფერ ლანდაუმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

„გულწრფელად გეტყვით – ეროვნულ დღეებს იშვიათად ვესწრები. უკანასკნელი 15 თვის განმავლობაში, რაც თანამდებობაზე დავინიშნე, სულ 3-ჯერ დავესწარი მსგავს ღონისძიებას. ამრიგად, როდესაც ეროვნული დღის აღსანიშნავ ღონისძიებას ვესწრები, ეს, ფაქტობრივად, უფრო სიმბოლური დასწრებაა და ეს სიმბოლურია ჩვენი სურვილის, დავათბოთ ურთიერთობები.

ვაფასებ თქვენს გამოსვლებს, სიტყვებს, რომლითაც მეგობრობის ხელს გვიწვდით; მე კი აქ ვარ, რათა გამოგართვათ სალამი და ჩამოგართვათ ხელი.

ვფიქრობ, ეს მშვენიერი შესაძლებლობაა, დავიწყოთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების აღდგენა. როგორც მინისტრის მოადგილემ კარგად აღნიშნა, როგორც საქართველოს, ისე აშშ-ს სურთ, ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული საგარეო პოლიტიკა აწარმოონ.

ვფიქრობ, ბევრი საერთო ეროვნული ინტერესი გაგვაჩნია. საქართველოს კავკასიის რეგიონში წარმოუდგენლად სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა გააჩნია, განსაკუთრებით, უკანასკნელ პერიოდში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ფონზე.

ვფიქრობ, რეგიონული ინტეგრაციის თვალსაზრისით, ამან ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები შექმნა. მე ასევე ცენტრალურ აზიაშიც ვიმყოფებოდი. ვფიქრობ, იქ ბევრი შესაძლებლობაა, ინდოეთიდან ცენტრალურ აზიამდე გადებული სავაჭრო მარშრუტის გათვალისწინებით, რომელიც კავკასიაზე გადის და შავი ზღვით ევროპას უკავშირდება“, – აღნიშნა ლანდაუმ.